„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა ჩინოსანმა სამართლებრივად აგო პასუხი, თუმცა პოლიტიკური შეფასების ჭრილში სისტემურად, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გაცემულა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მნიშვნელობაზე საუბრისას.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილ ქმედებებს სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო პასუხი დიდი ხანია უკვე გასცა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ბევრმა ჩინოსანმა სამართლებრივად აგო პასუხი, თუმცა პოლიტიკური შეფასების ჭრილში სისტემურად, სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გაცემულა. საქართველოში არ გაცემულა, თორემ სტრასბურგის სასამართლომ ამ თემას ძალიან კარგად, მკაფიო პასუხი დიდი ხანია უკვე გასცა - ეს იყო სისტემური დანაშაული. ამ სისტემურ დანაშაულს, სამწუხაროდ, ჩადიოდნენ ის პირები, ვინც 2012 წლამდე იყვნენ ხელისუფლებაში ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.