გურამ მაჭარაშვილი: ქართულ პოლიტიკას აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს კოლექტიური

გურამ მაჭარაშვილი: ქართულ პოლიტიკას აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს კოლექტიური "ნაცმოძრაობა"

ქართულ პოლიტიკას აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს კოლექტიური "ნაცმოძრაობა", - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, ეს დაადგინა უკვე პრაქტიკამაც, დაადგინა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებმაც, სადაც პირდაპირ წერია, რომ სისტემური დანაშაული იყო ჩადენილი "კოლექტიური ნაცმოძრაობის" ხელისუფლების დროს.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მივიღებთ მონაწილეობას ამ საგამოძიებო კომისიაში, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და აუცილებლად, 6 თვის თავზე, ბევრი გამოძიება არ დასჭირდება იმას, რომ "კოლექტიური ნაცმოძრაობა" არის დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაცია.

საერთაშორისო სასამართლოებიც კი, არა მხოლოდ ქართული, ადასტურებენ, უკვე მტკიცებულებები არის იმის, რომ სისტემური დანაშაულები იყო ჩადენილი კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დროს. ქართულ პოლიტიკას აუცილებლად უნდა ჩამოშორდეს კოლექტიური "ნაცმოძრაობა", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.