შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრნენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის პროგრამის შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები 14 თებერვალს „ევროპის სახლის“ საკონფერენციო დარბაზში, აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის (PPRD East) პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო კამპანიის – „ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის კატასტროფების პრევენცია, მზადყოფნა და რეაგირება“ პრეზენტაციას დაესწრნენ.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი აქტიურად იყო ჩართული PPRD East-ის პროგრამაში, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. პროგრამის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება კარასტროფების რისკების შემცირების სფეროში და ამ მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.

შეხვედრაზე პროგრამის ხელმძღვანელმა „ევროპის სახლში“ შეკრებილ სტუმრებს ბოლო წლების მანძილზე მოსახლეობის ცნობიერების ასამაღლებლად განხორციელებული ღონისძიებების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა. ასევე გაიმართა კატასტროფების რისკების შემცირების თემაზე მომზადებული ვიდეორგოლის პრეზენტაცია. სტუმრებს ამავე საკითხებზე მომზადებული ბროშურები და საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნის საოჯახო გზამკვლევები დაურიგდათ.

შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა მედია საშუალებების, განათლების სამინისტროს, „წითელი ჯვრის“, ასევე, თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორები და საერთაშორისო ორგანიზაციების: “Save the Children”, “UNICEF”-ის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.