როცა გვესმის საუბარი ახალ არჩევნებზე და ა.შ. ეს არის უპირველეს ყოვლისა უპატივცემულობა ქართველი ხალხის. ვინც არ უნდა თქვას ეს, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საფრანგეთის ელჩის განცხადებას, სადაც ის საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს არის პირდაპირი ჩარევა და უპატივცემულობა ქართველი ხალხის სუვერენული არჩევანის მიმართ.
„იქნება ეს ელჩი, პრეზიდენტი თუ ნებისმიერი თანამდებობის პირი, მინიმუმ მილიონ ასოცი ათას ადამიანს, რომლის მანდატებიც მივიღეთ და ვახორციელეთ ჩვენს უფლებამოსილებას, ეს ადამიანები არ სცემენ პატივს. ეს არის მთავარი პრინციპი, რაზეც შეთანხმდა სამყარო მას შემდეგ, რაც გაერო დაფუძნდა, რომ ერთმანეთის სუვერენიტეტს უნდა ვცეთ პატივი. და როდესაც ვხედავთ ჩვენ, ცრუ ნარატივების საფუძველზე, რაღაც თემის შემოტანას ახალი არჩევნების შესახებ, ეს არის ქართველი ხალხის სუვერენულ არჩევანში ჩარევა. თუ კი ჩარევაზე მიდგება საქმე, რა თქმა უნდა ჩვენ ვხედავთ იმ ლეგიტიმაციის კრიზისებს, რომელიც ამა თუ იმ ევროპელ ლიდერს თუ პოლიტიკურ ძალას აქვს. ამიტომ თუ კი სურთ, რომ ისაუბრონ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებზე, მაშინ ჩვენც ვისაუბრებთ სხვა ქვეყნის ხელისუფლებებზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი ხალხის ნდობის დაბრუნებით იყვნენ დაკავებულები, სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები დაკავებულები არიან საქართველოში ცრუ ნარატივების გავრცელებით.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საფრანგეთის საელჩოს პასუხისმგებლობაა ის, რომ პრეზიდენტ მაკრონს არასწორი ინფორმაცია მიეწოდება.
„ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადებაში, სადაც ის საუბრობდა თითქოსდა რუსულ ჩარევაზე ქართულ არჩევნებში და ბიულეტენების ჩაყრებზე და ა.შ. როდესაც პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში ხვდება ცრუ ნარატივი, ეს უპირველეს ყოვლისა არის საქართველოში საფრანგეთის საელჩოს პასუხისმგებლობა, როდესაც ამ დონეზე ადის სასაუბროში პრეზიდენტთან ცრუ ნარატივი. პირველი - რუსეთის ჩარევა საქართველოს არჩევნებში. არ ვიცი რა ეპითეტით შეიძლება შევამკოთ ასეთი განცხადება. ჭორაობის დონეზე წარმოთქმული ბრალდებები, როდესაც ადის პრეზიდენტის სასაუბრო პუნქტებში, ეს რა თქმა უნდა აჩვენებს არაკეთილსინდისიერებას იმ ხალხისა, ვინც პრეზიდენტ მაკრონს უმზადებს ასეთ განცხადებას. საფრანგეთის საელჩოს პასუხისმგებლობაა ეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მან ასევე სასაცილო უწოდა სპეკულაციებს იმ თემაზე, რომ მოხდა ბიულეტენების ჩაყრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ცრუ ნარატივზე აგებულ განცხადებებს აკეთებს პრეზიდენტი მაკრონი.
ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის ელჩმა შერაზ გასრიმ გუშინ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერთ-ერთ გამოსვლაში თბილისში აქციის მონაწილეებსა ყოფილ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მაღალი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარება კრიზისიდან კარგი გამოსავალი იქნებოდა.