თინა ბოკუჩავა: ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არ შეეხება ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ამ მისიის მთავარი მანდატი არის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება

თინა ბოკუჩავა: ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი არ შეეხება ხელისუფლების ლეგიტიმაციას, ამ მისიის მთავარი მანდატი არის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტი ხელისუფლების ლეგიტიმაციასთან არ არის დაკავშირებული. ბოკუჩავას თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლება მორიგ ტყუილს ავრცელებს.

თინა ბოკუჩავას განმარტებით, ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტის მანდატი ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებაა.

„ეს არ არის ვიზიტი, რომელიც შეეხება არჩევნების ლეგიტიმაციას ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას. ვფიქრობ, სავარაუდოდ ამას თავად ბატონი ბერსეც ღიად იტყვის მედიასთან. რეალურად, ეს მორიგი სახელისუფლო ტყუილია, როგორც ვნახეთ რუმინეთთან, ესპანეთთან და იტალიასთან მიმართებაში, თითქოსდა ეს ქვეყნები მხარს არ უჭერდნენ სანქციების დაწესებას და მათ საგარეო უწყებებს მოუწიათ, ღიად ემხილათ კობახიძე, „ქართული ოცნება“ ტყუილში, საერთაშორისო დონის ტყუილში. იგივე მოხდება ბატონი ბერსეს და ევროსაბჭოს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით, რომლის მანდატიც არის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება, რაც ფაქტია, რომ უკიდურესად დამძიმებულია საქართველოში, ივანიშვილის რეპრესიების, ძალადობის, ტერორის და წამების ტოლფასი არაადამიანური მოპყრობის გამო, რაც რეჟიმმა გამოიჩინა მშვიდობიანი დემონსტრანტების და ასობით დაკავებულის მიმართ, რომელთა უდიდესი ნაწილი არის უმძიმესად ნაცემი, ძალიან მძიმე დაზიანებებით, განსაკუთრებით სახის არეში. ეს არის მათი ინტერესის მთავარი საგანი.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კობახიძის მორიგი ტყუილია, როცა ამბობს, რომ ამას რაიმე საერთო აქვს ლეგიტიმაციასთან, როგორც იყო რუმინეთთან, ესპანეთთან და იტალიასთან მიმართებაში, თითქოს ისინი სანქციებს არ უჭერდნენ მხარს. შემდეგ ეს ტყუილი გაფანტეს თავად ამ ქვეყნების საგარეო უწყებებმა, როდესაც ღიად, საჯაროდ ამხილეს კობახიძე ტყუილში. მათ ხელისუფლებას არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, არც ექნება და კრიზისის განმუხტვისთვის, სიტუაციის ნორმალიზაციისთვის ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები. ამ მისიის მთავარი მანდატი არის ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასება საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით და ჩვენ სახეზე გვაქვს უმძიმესი დარღვევები, არაადამიანური, არაჰუმანური მოპყრობის უამრავი ფაქტი, რომელსაც წამებად აფასებენ ადამიანის უფლებათა დამცველები. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებათა დირექტორატების წარმომადგენლებიც არიან ანუ უშუალოდ ადამიანები, ვინც კურირებენ ევროსაბჭოში. ესეც სწორია, რომ ინსტიტუციურად გვესმოდეს, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენს, ესაა ევროსაბჭო, რომლის წევრი საქართველო არის 25 წელიწადია. ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, შეაფასონ ეს მდგომარეობა, პირადად ნახონ უმძიმესი მდგომარეობა, რომელიც ივანიშვილის რეპრესიებმა გამოიღო. ბუნებრივია, ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რასაც ვაყენებთ ამ დელეგაციასთან, არის სწორედ უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლება, იმ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი ნაცემი და ნაწამებია ივანიშვილის რუსული რეჟიმის მიერ“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.