შალვა პაპუაშვილი: გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე გორბაჩოვის თანამოაზრე, „პერესტროიკის“ დროინდელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული აქცენტით გველაპარაკება დემოკრატიაზე და ჭკუას ასწავლის ქართველ ხალხს

შალვა პაპუაშვილი: გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე გორბაჩოვის თანამოაზრე, „პერესტროიკის“ დროინდელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული აქცენტით გველაპარაკება დემოკრატიაზე და ჭკუას ასწავლის ქართველ ხალხს

გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე გორბაჩოვის თანამოაზრე, „პერესტროიკის“ დროინდელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული აქცენტით გველაპარაკება დემოკრატიაზე და ჭკუას ასწავლის ქართველ ხალხს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე ევროპარლამენტარის, რასა იუკნევიჩიენეს მისვლის შეფასებისას.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ რატომღაც გამოირჩევიან ბალტიისპირეთის წარმომადგენლები, პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები.

„გვეგონა, რომ ესენი იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად გაუგებდნენ ქართველ ხალხს, აღმოჩნდა, რომ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ყველაზე მეტად ერჩიან ქართველ ხალხს. არ ვიცი, რა დავუშავეთ თავის დროზე ამ ადამიანებს, რატომ არიან ასე გადაკიდებული ჩვენს ქვეყანაზე, რატომ უნდათ მისი დაზიანება განსაკუთრებით, მაგრამ ფაქტი სახეზეა - გამოირჩევიან განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსები.

მათ შორის გუშინ ერთ-ერთი ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე, გორბაჩოვის თანამოაზრე, „პერესტროიკის“ დროინდელი პოლიტიკოსი, რომელიც რუსული აქცენტით გველაპარაკება დემოკრატიაზე და ჭკუას ასწავლის ქართველ ხალხს.

ადამიანი, რომელიც გახლავთ მიხეილ სააკაშვილის მფარველი და რომელიც მთელი ბოლო პერიოდი მომართულია იქით, რომ მიხეილ სააკაშვილის რამენაირად დაიხსნას ციხიდან და გასაგებია, რატომაც უნდათ მისი დახსნა. მიხეილ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც ზუსტად მათი ინსტრუქციებით მოქმედებდა, მათი ინსტრუქციებით დამართა ამ ქვეყანას, რაც დამართა და რა თქმა უნდა, მათ მის მიმართ აქვთ ვალდებულება, რომ დაიხსნან იმ სამართლიანი სასჯელისგან, რომელსაც ის იხდის.

ეს არის ადამიანი, ქალბატონ რასას ვგულისხმობ, რომელმაც სულ ახლახან, არჩევნების შემდეგ განაცხადა, რომ ის პრობლემები, რასაც ახლა ზოგიერთი ევროპელი უქმნის საქართველოს, ეს არის ქართველი ხალხის ბრალი, იმ ხალხის ბრალი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი. ამიტომ ამ ადამიანის თვალში ის ადამიანები, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ დაუჭირეს მხარი, ამ ქვეყნიდან უნდა გავასახლოთ და გავაქროთ. ამიტომ ასეთი ადამიანი რომ ცდილობს ქვეყნის პოლიტიკაში ჩარევას, გასაგებია, რომ მას არანაირი კეთილი ზრახვა არ აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი შეფასებით, აქციაზე უცხოელი პოლიტიკოსების მისვლისას ხდება მათი კერპად აღიარება.

„მეორეს მხრივ, ეს სამარცხვინო სანახაობაა, რასაც ჩვენ უკვე მერამდენეჯერ ვხედავთ რუსთაველის გამზირზე, რაც ოპოზიციამ ქართველი ერის დაკნინების რიტუალად აქცია, როდესაც უცხოელი არამკითხე მოამბეების მიმართ ყიჟინა, გაკერპება მიდის. ამას არანაირი კავშირი სუვერენიტეტთან, ქართველობის შეგრძნებასთან არ აქვს საერთოდ, როდესაც მეხუთეხარისხოვანი პოლიტიკოსები ჩამოჰყავთ, აყენებენ ტრიბუნასთან და მიდის მათი კერპად აღიარება.

ასეთი სახის აქციები კარგავს შემდეგ ყველანაირად კავშირს ქართულ სახელმწიფოსთან, ქართველ ერთა და აჩვენებს საერთო ჯამში, რომ ამ ხალხს საერთოდ არ ესმის, რას ნიშნავს სუვერენიტეტი, რას ნიშნავს, იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, რას ნიშნავს ის ბრძოლა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიდიოდა 80-იანი წლების მიწურულს, როდესაც ჩვენი ხალხი იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის. ამ ყველაფრის უარყოფა არის, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, როდესაც უცხოელები არიან წარმოჩენილი ამ ქვეყნის მმართველებად და ჩვენი ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელებად,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.