უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ უკვე მშვიდობიანად მიმდინარე, ერთგვარად შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისაგან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დემონსტრაციების მიმდინარეობის ამგვარი ცვლილება მისასალმებელია, თუმცა, ამავე დროს ვხედავთ ძალებს, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა და პოლიტიკის კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მისი განცხადებით, ამგვარი ძალები მტრობენ საქართველოს და ქართველ ხალხს.
„დემონსტრაციის ამგვარი ფერისცვალება მართლაც მისასალმებელია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნებას ასახავს.
ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ იმ ძალებსაც, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა, სიწყნარე, სოლიდარობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მოურიდებლად მინდა განვაცხადო, ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.