ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში იქნება იანვრის ბოლოს, მაქსიმუმ თებერვლის დასაწყისში. ყველას მოუწევს ამ არჩევნების აღიარება. მოსწონთ, თუ არ მოსწონთ, ეს არის ის შედეგი, რაც რეალურად დაიდო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
წამყვანმა მას ჰკითხა, თუ როგორ წარმოუდგენია, რომ პოლიტიკური პროცესი ჩადგეს ისეთ კალაპოტში, რომ ოპოზიცია ქუჩაში აღარ იქნება და დებატები იქნება პარლამენტში.
„ფიზიკურად სხვა გზა არ დარჩებათ. ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში იქნება იანვრის ბოლოს, მაქსიმუმ თებერვლის დასაწყისში. ყველას მოუწევს ამ არჩევნების აღიარება. მოსწონთ, თუ არ მოსწონთ, ეს არის ის შედეგი, რაც რეალურად დაიდო და ჩვენ გვაქვს ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერა. 54 პროცენტი აიღო „ქართულმა ოცნებამ“. რადიკალურ ოპოზიციას რესურსი საერთოდ გამოცლილი აქვს და ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი გამომრჩა, თუ რატომ თხელდება ეს აქცია მშვიდობიანი დემონსტრანტების კლების კუთხით. თავიდან ისე შეფუთეს, თითქოს თვითორგანიზებული აქცია იყო. შემდეგ, როდესაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარდა ჩხრეკები რადიკალური ოპოზიციის ოფისებში, კარგად იხილეთ კადრები ალბათ, სადაც პირდაპირ იქიდან მარაგდებოდა ის [აქციაზე გამოყენებული] პიროტექნიკაც და აალებადი სითხეებიც, რომელიც ექსპერტიზაზეა გადაცემული. ოპოზიციამ თავიანთ პატრონებს ვერაფერი დაანახა, რადგან სერიოზული საყვედურები მიიღეს გარე ბოსებისგან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.