რეზოლუციაში მივუერთდით უკრაინას, შევიფარეთ ათობით ათასი უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარებით მგონი პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში და რუსული საქმე რა გავაკეთეთ?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
წამყვანმა მას ჰკითხა, რა მოლოდინი აქვს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მიმართ ევროპიდან კრიტიკა არ იკლებს.
„სამწუხაროდ, ამ უსაფუძვლო კრიტიკას მივეჩვიეთ მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. მოსახლეობას ვთხოვ, კარგად დააკვირდეს როგორ ემთხვევა ეს ყველაფერი ერთმანეთს. ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა და გარე აქტორების მხრიდან ჩვენი კრიტიკა და ჩვენზე ზეწოლა დაიწყო ზუსტად იმ დღეს, როდესაც დაიწყო უკრაინაში ომი. რა დავაშავეთ, რა გავაკეთეთ რუსული საქმე?! მოდი, ეს შეკითხვა ყველამ დაუსვას საკუთარ თავს. რეზოლუციაში მივუერთდით უკრაინას, შევიფარეთ ათობით ათასი უკრაინელი, დავუნიშნეთ სოციალური დახმარება, ჰუმანიტარული დახმარებით მგონი პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში და რუსული საქმე რა გავაკეთეთ?!
გვაბრალებდნენ, რომ თითქოს საქართველო შავი ხვრელი იყო სანქციების არიდების კუთხით და შემდეგ ჩვენი დიდი ძალისხმევის შედეგად, ჩამოვიდნენ აქ [საქართველოში] ბრიტანელი, ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები და დაადასტურეს, რომ ჩვენ ხუთიანზე ვმუშაობთ ამ მიმართულებითაც. ასევე იყო პირდაპირი მოწოდებები დახურულ კარს მიღმა „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით, რომ ჩვენ სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის, შეიარაღება გადაგვეცა უკრაინისთვის, რომ მთავრობის ოფიციალური თანხმობით გაგვეგზავნა მოხალისეები ჩარტერული რეისით, რაც პირდაპირ ესკალაციას გულისხმობდა და ჩვენ ეს საუბრები გარეთ არ გამოგვქონდა, მაგრამ ბოლო, თუ ბოლოს წინა რეზოლუცია იყო, სადაც ევროპარლამენტარების გარკვეულმა ნაწილმა ლუსტრირება მოახდინეს თავად, რადგან თვითონ ჩაწერეს ამ რეზოლუციაში სანქციები დაუწესეთ რუსეთსო. რატომ უნდა დავუწესოთ სანქციები რუსეთს, როდესაც ჩვენი წილი რუსეთის ეკონომიკაში არის 0.03% და ჩვენი ეკონომიკა ამით ჩამოინგრევა?!“ - აღნიშნა მაჭავარიანმა.