ლეგიტიმაციის თემას აყენებენ, ჟონგლიორობენ - ვითომ, ამით ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. ჰერჩინსკის ლანძღავდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრს როგორ თუ შეხვდა. გალანძღეს, აბულინგეს, საშინელ მდგომარეობაში ჩააყენეს ეს ადამიანი, - განუცხადა ჟურნალისტებს ევროპარლამენტარების ვიზიტზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
კითხვაზე, რატომ არ შეხვდნენ ევროპარლამენტარები უმრავლესობის წევრებს, მდინარაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ლეგიტიმაციის თემას უკავშირდება.
„ლეგიტიმაციის თემას აყენებენ, ჟონგლიორობენ. ვითომ, ამით ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. ჰერჩინსკის ლანძღავდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრს როგორ თუ შეხვდა. გალანძღეს, აბულინგეს, საშინელ მდგომარეობაში ჩააყენეს ეს ადამიანი.
ჰერჩინსკის აბულინგებდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ჩვენ აქედან დავიცავით ის ადამიანი მიუხედავად, იმისა ბოლო პერიოდში რა პოზიციებს იჭერს. ჩვენ დავიცავით ჰერჩინსკი იმასთან დაკავშირებით, რომ არ გვინდა ასეთი ლეგიტიმაცია - ხალხის ლეგიტიმაციაა მთავარი.
რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ გვაღიარა. აშშ-მა პრაქტიკულად რომ გვაღიარა, ამისთვის ჰელსინკის კომისიამ ბაიდენის ადმინისტრაცია საშინლად გააკრიტიკა. მთავარი დამკვირვებელი და მაღიარებელი საარჩევნო პროცესებისა, მისი დემოკრატიულობის, სამართლიანობისა, თუ კონკურენტულობის, რაც ყველაზე მთავარია, არის ეუთო. მთელი ცივილიზებული სამყარო ამას აღიარებს და ვინ არ აღიარებს იცით? - გახარიას ლილუაშვილი“, - განაცხადა მდინარაძემ.
ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ აღირებს და მათ არ შეხვდება. ევროდეპუტატის თქმით, სჯერა მხოლოდ ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის, რომლის თანახმადაც, როგორ თავად ამბობს, საქართველოში არჩევნები არასამართლიან პირობებში ჩატარდა. განცხადება ევროდეპუტატმა ოპოზიციასა და სახალხო დამცველთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.