მამუკა მდინარაძე: შენი ქვეყნის ჯარისკაცები და პოლიციელები, რომ იხოცებიან ომში და ამ დროს დგახარ და ყიდულობ ბრილიანტებს, ეს არის მათი მორალური სახე, ამაზრზენია

მამუკა მდინარაძე: შენი ქვეყნის ჯარისკაცები და პოლიციელები, რომ იხოცებიან ომში და ამ დროს დგახარ და ყიდულობ ბრილიანტებს, ეს არის მათი მორალური სახე, ამაზრზენია

იმდენად ამაზრზენია ეს ფაქტი, რომ წარმოიდგენ, რომ როცა ჩვენი გმირი სამხედროები და პოლიციელები იბრძოდნენ და მტერს ებრძოდნენ, ამ დროს თურმე „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ყიდულობდნენ ბრილიანტებს და იმარაგებდნენ მილიონობით დოლარის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, კეზერაშვილის მიერ ნაყიდ ბრილიანტებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც ქართველი სამხედროები და პოლიციელები მტერს ებრძოდნენ, მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მდიდრდებოდნენ.

„რამდენად ამაზრზენია ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, რომ როდესაც მთელი ამ წლების განმავლობაში საიდან ხდებოდა ეს, ბიუჯეტიდან ჰო? ბიუჯეტის ფულით... პიჯაკების საქმეს არქმევენ მერე და ასე ბრენდავენ, რომ მერე სასაცილო გახდეს. სასაცილო კი არა, ეს არის ამაზრზენი. 2007-2008 წლებში ბრილიანტებს, რომ ყიდულობდნენ ამის მტკიცებულება დაიდო. 12 აგვისტოს ბრილიანტს, რომ შეაფასებინებ და იყიდი მილიონობით დოლარი, რომელიც ღირს და შენი ქვეყნის ჯარისკაცები და პოლიციელები, რომ იხოცებიან ომში და ამ დროს თქვენ დგახართ და ყიდულობთ ბრილიანტებს, ეს არის მათი მორალური სახე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, რუსული ქოლცენტრებიდან ფინანსდებიან რადიკალების ტელევიზიები და აქციები და რუსებს ამ ფონზე ისინი სხვას ეძახიან.

„ნებისმიერს, ვისაც ჰგონია, რომ ჩელიაბინსკში გაიღვიძებს, იმას მივმართავ ეს ფაქტები ავიღოთ რასთან გვაქვს საქმე და მერე ვილაპარაკოთ ვინ აკეთებს რუსულ საქმესაც და ანტიეროვნულ საქმესაც“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს. ათეულობით ძვირადღირებული ბრილიანტიდან ერთ-ერთი კი კეზერაშვილს 2008 წლის ომის მიმდინარეობისას, 12 აგვისტოს აქვს შეძენილი.