მამუკა მდინარაძე ბულინგზე ოპოზიციის მხრიდან: ყველას ვთხოვ და ვურჩევ, რომ ნუ მოახსენიებინებენ თავს სასარგებლო იდიოტებად

მამუკა მდინარაძე ბულინგზე ოპოზიციის მხრიდან: ყველას ვთხოვ და ვურჩევ, რომ ნუ მოახსენიებინებენ თავს სასარგებლო იდიოტებად

ოპოზიცია იმ ადამიანებს, რომლებიც ბულინგის ქვეშ ექცევიან და ამის გამო კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ, სასარგებლო იდიოტებს ეძახის, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა, მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„ყველას ვთხოვ და ვურჩევ, რომ ნუ მოახსენიებინებენ ნურავის თავს, როგორც ისინი უწოდებენ, სასარგებლო იდიოტებად. ისინი ამ ადამიანებს განიხილავენ სასარგებლო იდიოტებად იმიტომ, რომ აბულინგებენ. ამ ბულინგის შემდეგ ზოგიერთი ადამიანი, ცოტაა ასეთი გასაგებია, მაგრამ რაღაც გადაწყვეტილებებს იღებს, მოდიან სამსახურებიდან, რაღაცებს აკეთებენ, ზოგი საჯარო მოხელეა და რაღაც პეტიციებზე ძალით აწერინებენ ხელს. ვიღაცებს გულწრფელად სჯერათ, რომ ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ. რა უნდა ვუთხრათ ასეთ ადამიანს?! თუ გჯერა, რომ ჩელიაბინსკში გაიღვიძებ პეტიციას კი არ უნდა მოაწერო ხელი, საერთოდ უნდა გაერიდო და მართლა უნდა იბრძოლო ბოლომდე და რა 2-3 ათასი კაცი, ათი ათასობით ადამიანი უნდა იდგეს მაშინ რუსთაველზე, თუ ათი ათასობით ადამიანს სჯერა, რომ ჩელიაბინსკში ვართ და პუტინის დავალებებს ვასრულებთ, პროტესტი უნდა იყოს ათასჯერ მეტი. არარეალურ აბსურდულ საუბრებში მიდიან - ჩელიაბინსკში გავიღვიძებთ, 300 ათასი ხმა გაყალბდა, აი ამ სიგიჟეების ვისაც სჯერა უნდა გააპროტესტოს გასაგებია. მაგრამ მეორე კატეგორიაა კიდევ, რომელიც ბულინგს ექვემდებარება და ძალიან თანავუგრძნობ ამ ადამიანებს, საბედნიეროდ, არ არიან ბევრნი“, - განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძე ასევე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ დეპუტატის წინააღმდეგ მუქარის შემცველ სქრინს, რომელიც უკვე სუს-ს გადაეცა.

„მათ ეს მავნე გეგმა ჩაუვარდათ. ქვეყნის აყირავებას და ქაოსს, მეორე ფრონტს ვეღარ ახერხებენ და ახლა რაღაც გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავალს პოულობენ. ვიღაცებს უცხოური ნომრებიდან, რომლის მიგნებაც ძალიან რთულდება, აწერინებენ მუქარის შემცველ მესიჯებს. რეალურად ყველაზე კარგი ის არის, რომ მათი აი ამ მესიჯების და მათი ბულინგის არავის ეშინია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებაში ყველანაირი ადამიანი არსებობს - ზოგიერთზე მოქმედებს ბულინგი, ზოგიერთზე - ნაკლებად.

„ბევრი ადამიანი ლაპარაკობს ხოლმე იმაზე, რომ თუკი ვინმეზე რამე „კომპრი“ ჰქონდათო ყველა საიდანღაც გამოწიეს და ასეთი საუბრები მიდის. პატარა ქვეყანაში ვცხოვრობთ, მიუხედავად იმისა, რომ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ამ ქალაქში, პატარა ქალაქი ჰქვია მაინც და ყველამ ყველაფერი იცის და ძალიან სამწუხაროა, რომ ამის თქმის საფუძველს აძლევენ, რომ თუკი ვინმეს ვინმეზე რამე „კომპრი“ ჰქონდათ „ნაცებს“ ყველა საიდანღაც გამოწიეს, უწყება იქნება, მედიასაშუალება იქნება, თუ ასე შემდეგ“, - აღნიშნა მდინარაძემ.