ის ფაქტი, რომ საქართველოში ვიმყოფებით ევროპარლამენტის შვიდი წევრი, რომლებიც სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს წარმოვადგენთ და გვაქვს პასუხისმგებლობა ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე, თავისთავად უკვე ბევრს ნიშნავს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
რასა იუკნევიჩიენეს თქმით, ევროპარლამენტარები საქართველოში ფაქტების შემსწავლელი მისიის ფარგლებში იმყოფებიან.
„ჩვენ გვსურს სოლიდარობა გამოვხატოთ მათ მიმართ, ვინც კვლავ აფრიალებს ევროკავშირის დროშებს ქუჩებში და განაგრძობს ბრძოლას იმისთვის, რაც არის გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. ესაა საქართველოს ევროატლანტიკური გეზი. საქართველო ახლა გახლავთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსის მფლობელი. ეს სტატუსი ითვალისწინებს საკმაოდ მაღალი სტანდარტების დაცვას. ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით ფაქტების შემსწავლელი მისიის ფარგლებში, რათა თავად ვიხილოთ სიტუაცია ადგილზე. ჩვენი შეხვედრები მნიშვნელოვანია, რათა გამოვიტანოთ სწორი დასკვნა. ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირმა იმოქმედოს და ისაუბროს უფრო ხმამაღლა და უფრო მეტი მხარდაჭერა გამოუცხადოს საქართველოს. ჩვენ ვიცით, ვგრძნობთ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა, ჩვენ არ ვართ საქართველოში რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდასაჭერად, ჩვენ აქ ვართ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მხარდასაჭერად ამ ძალიან მნიშვნელოვან და გადამწყვეტ დროს“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.