ოპოზიცია ჩიხშია შესული, ერთადერთი გამოსავალია, საღ აზრს მოუხმონ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდნენ, მათი სცენარები ბევრჯერ გვაქვს ნანახი, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას რადიკალური პოზიცია ჰქონდა არჩევნებთან დაკავშირებით.
„ოპოზიცია ჩიხშია შესული. უპირველესად, ეს მათი რადიკალური პოზიციიდან გამომდინარეობდა – არჩევნებში თუ არ გავიმარჯვებთ, მაშინ ქვეყანას ავატრიალებთ. ვერც გაიმარჯვეს და ვერც ქვეყანას აატრიალეს. აქედან გამომდინარე, ჩიხში არიან. ერთადერთი გამოსავალია, საღ აზრს მოუხმონ და კონსტიტუციურ ჩარჩოებში დაბრუნდნენ. მათი სცენარები ბევრჯერ გვაქვს ნანახი. ისინი პარლამენტზე თუ საბოლოოდ უარს იტყვიან, თავიანთ თავს პროცესის მიღმა დააყენებენ. შეიძლება, ეს სადღაც კარგიც იყოს, რათა გაჩნდეს ნორმალური პარტიების შექმნის ველი, რომელიც კონსტრუქციულ როლს შეასრულებს, და არა იმ რადიკალიზმის, რასაც ოპოზიცია თავის თავში ატარებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.