Chicago II - ალბომი, რომელიც თანდათანობით შეიცნობა

Chicago II - ალბომი, რომელიც თანდათანობით შეიცნობა

როკ მუსიკის გურმანები დამეთანხმებიან, რომ Chicago–ს მე–2 ალბომის მოსმენით მიღებული სიამოვნება განსაკუთრებულია და რომ მისი დასრულებისთანავე ჩნდება დისკის ხელმეორედ ჩართვის სურვილი.

ამ ნაშრომმა შეითვისა ნებისმიერი ღირებული მუსიკალური მიმდინარეობა, იქნება ეს კლასიკური მუსიკა, ტრადიციული თუ ავანგარდული ჯაზი, ჰარდ თუ პროგრესივ როკი, ფსიქოდელიური თუ ხალხური მუსიკის უბრალოდ საფუძვლები, დახვეწილი სოლოები უმდიდრესი ინსტრუმენტული პალიტრის ფონზე, თუ უბრალოდ გლენ მილერისებრი მუსიკალური ხედვა გასული საუკუნის 70–ების ამერიკისა, რაც ფანტასტიკის სფეროდანაა.

ამას დავუმატოთ სამი უძლიერესი ვოკალისტი, რომელთათვისაც ხმის ტემბრის სილამაზისა თუ ცვალებადობის გარდა, უცხოა ნებისმიერი საკონცერტო „ფალში“ თუ რაიმე ტიპის იმპროვიზაციულ უგემოვნო სპონტანური შემოჭრა. ვოკალური მხარე აქ გაცილებით კონტრასტულია სადებიუტო ალბომთან შედარებით, რადგან პირობითად ბანი ტერი კეტი და ტენორი პიტერ სეტერა დომინირებენ, ხოლო ბარიტონი რობერტ ლემი კი შედარებით ნაკლებს მღერის. 

Chicago 1969 წლის მეორე ნახევრისთვის სუპერ საკონცერტო ჯგუფად ქცეულიყო. პირველი ალბომი იმპროვიზაციის შეაუზღუდავ არეალს ჰქმნიდა, ხოლო გიტარისტ ტერი კეტის სოლოები ამ თვალსაზრისით მუსიკოსის ათწლეულებით წინ წასულ თვითმყოფადობასთან ერთად, მისივე ბოხი ხმის ფონზე, აათმაგებდა სასულე–ჩასაბერ ორკესტრული მხარისა თუ უოლტ პერეზაიდერის სალამურთა კრებულის ჟღერადობის ეფექტს.

ჟღერადობის სიმძლავრითა და წნევით, რაც იმპროვიზაციის კულმინაციურ მომენტებზე განსაკუთრებით აისახებოდა, Chicago–ს The Allman Brothers Band თუ შეედრებოდა. ამის შემოქმედი შესანიშნავი შვიდეული კი ასე გამოიყურებოდა: რობერტ ლემი – კლავიშები, ვოკალი, ტერი კეტი – გიტარა, ვოკალი, პიტერ სეტერა – ბასი, ვოკალი, ლი ლაუფნენი – საყვირი, ვოკალი, დენი სერაფინი – დრამი, ჯეიმს პანკოვი – ტრომბონი და Chicago–ს დამაარსებელი უოლტ პერეზაიდერი – ხის სასულე ინსტრუმენტები.

პერეზაიდერზე მომქანცველი კონცერტები მძიმედ აისახა – ახალგაზრდა მუსიკოსი ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი აღმოჩნდა. პერეზაიდერი, რომელიც ბავშვობიდანვე ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის წევრობაზე ოცნებობდა, მოულოდნელად როკ ვარსკვლავად იქცა; კომპოზიტორული ნიჭით იგი ვერ დაიკვეხნიდა. ამიტომ კლინიკაში მოხვედრის შემდეგ, დაიწყო საუბარი მისი ჯგუფიდან გაშვების შესახებ... აქ უკვე დრამერმა დენი სერაფინმა იმარჯვა. მან განაცხადა, რომ პერეზაიდერის გაშვების შემთხვევაში, თავადაც დატოვებდა კოლექტივს, რომელსაც უცვლელი შემადგენლობით, თურმე ტერი კეტის გარდაცვალებამდე, კიდევ ათი წლის მანძილზე უნდა ეარსება და ამ პერიოდში ოთხი ორდისკიანი სტუდიური და ერთიც ოთხდისკიანი საკონცერტო (!) ალბომი ჩაეწერა...

ზედიზედ მეორე ორდისკიან სტუდიურ ალბომზე მუშაობას Chicago პერეზაიდერის გამოჯანმრთელების შემდეგ დაუბრუნდა. დიდებულ ფორმაში მყოფ მუსიკოსებს პირველი ალბომის შემდეგ, ახალი კომპოზიტორებიც გამოუჩნდნენ. იდეების გენერატორ რობერტ ლემს უკვე მხარში კეტი, პანკოვი და სეტერა ამოუდგნენ და ჯამურმა ნამოქმედარმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დენი სერაფინის თქმით, თუკი პირველი ალბომი მხოლოდ „დაგროვილი ენერგიის ამოფრქვევას“ წააგავდა, აქ ამ ენერგიის ყოველი მტკაველი, უკიდურესის სიზუსტითაა გადანაწილებული და ამიტომაც მისი მსმენელი მისი ათვისებით, მხოლოდ პოზიტივს შეიგრძნობს.

თუმცა, ალბომი სულ სხვანაირი შეიძლებოდა რომ  გამოსულიყო. ჯეიმს პანკოვმა სტუდიაში დასამუშავებლად შვიდი ნაწილისაგან შემდგარი ულამაზესი პიესა Ballet For A Girl In Buchannon მიიტანა. მუსიკოსებმა გონივრულად მოარგეს თავ–თავიანთ ინსტრუმენტებს შემოთავაზებული თემა, ყველაფერი გეგმით მიდიოდა და თითქოს რობერტ ლემსაც შესანიშნავად უნდა ემღერა, მაგრამ... ცოტა ხანში სტუდიაში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ლემი არაფრად ვარგოდა, სეტერასთვის კი Colour Of  My World და Make Me Smile ზედმეტად დაბალი იყო. ყველამ ერთხმად ტერი კეტს გახედა – „ვიღუპებით, უნდა გვიშველო“...

ტერი კეტის პასუხმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მის ხმაში ლემის სასიამოვნო და რბილი ხელწერა და მასთან მიმსგავსებული ტემბრიც კი გაისმის, განწყობის გადმოცემა რომ შეძლებოდა ამ უკანასკნელს. როკ ვოკალის კლასიკური ნიმუშები საბოლოოდ Chicago II–ის ტოპ ათეულში განმასახიერებლად და უკვდავ საკონცერტო ჰიტებად იქცნენ, Colour Of  My World-ში უოლტ პერეზაიდერის ფლეიტის ულამაზესი გაფრენებით.

მეორე დისკის ბოლოსკენ ალბომის კიდევ ერთი ეპიკური – ოთხი ნაწილისაგან შემდგარი It Better And Soon მოიპოვება. სახელწოდება ვიეტნამიდან ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯარების სასწრაფოს გამოყვანისკენ მოუწოდებს. მისი პირველი ნაწილი ტერი კეტის შთამბეჭდავი გიტარული მოტივით იხსნება, რომელშიც წინასწარ კომპოზიციის განვითარების არმცოდნენი, ფანკისა და ქანთრის იშვიათ სინთეზს ამოვიკითხავთ, რობერტ ლემის გემრიელ ჰამონდს სასულე ორკესტრი მიჰყვება და ტერი კეტის გიტარას ჯერ სეტერა–ლემი–პანკოვის მისამღერზე, ხოლო შემდეგ კი მისსავე ბოხ ხმას მეორე ნაწილში ფანკი აკორდებისა და სეტერას მკვეთრი ბასის ფონზე, უოლტ პერეზაიდერის ფლეიტის ულამაზეს გარღვევაზე გავყავართ, თანდათან ორკესტრიც იჭრება ფლეიტისა და ვოკალის პასუხების თანხლებით, უკვე ტერი კეტის გიტარ–ვოკალით წარმართულ მესამე ნაწილში შევდივართ, საბოლოოდ კი კომპოზიცია ლოგიკურად საწყისი თემატიკის განსხვავებული წარმოდგენით სრულდება.

სირთულეებისაგან განტვირთვის მიზნით, მუსიკოსებმა რამდენიმე „მარტივი“ სიმღერა შექმნეს, რომელთა მელოდიებიც როკ მუსიკის უკვე სამი თაობის მსმენელისთვისაა ცნობილი. Chicago–ს ნებისმიერ კონცერტზე პუბლიკა დღემდე დიდი აჟიოტაჟით ეგებება რობერტ ლემის ნამოქმედარ 25 or 6 to 4–ს. მომავალი ჰიტის სახელწოდება – ოთხის ოცდახუთი ან ოცდაექვსი წუთი, ბევრი ვერაფრის მთქმელია, მაგრამ ასეთი დასახელებები ყოველთვის ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ეჭვებს ბადებდნენ ხოლმე. მუსიკოსები კი ტრადიციულად იხტიბარს არ იტეხდნენ და მარტივად ცდილობდნენ მდგომარეობიდან თავის დაღწევას. რობერტ ლემი უბრალოდ პასუხობდა, რომ „აი უკვე ოთხის ოცდახუთი თუ ოცდაექვსი წუთია და ჩვენ კი სიმღერის დაწერა ვერ მოგვიხერხებია“.  

მიუხედავად იმისა, რომ Chicago–ს ერთი რომელიმე წევრიც კი არ ყოფილა ნარკოტიკების მომხმარებელი, ჟურნალისტები მაინც ვერ ისვენებდნენ და რობერტ ლემსაც შემდგომში ჩვენების შეცვლა მოუწია. იგი აღნიშნავდა, რომ 25 or 6 to 4, თვლა არის კრიკეტში...

ალბომის პირველ გვერდს ჯეიმს პანკოვის Movin’ In ხსნის ტერი კეტის სასიამოვნო ბოხი ხმით, რასაც უკვე აჩქარებულ ფანკი რიტმზე, ტრომბონისა და საყვირის ხანმოკლე მოპასუხე სოლოები მოჰყვება, კონცერტებზე იმპროვიზაციის უსასრულო არეალს რომ იძლეოდა, აი ბოლოსკენ კი ალბათ მაინც „მზიური ველის სერენადების“ აურა და გადასვლა ტერი კეტის ქმნილება The Road-ზე, პიტერ სეტერას Chicago–ს დანარჩენ მომღერლებთან შედარებით, ჰიპურ ხელწერასთან ალბათ ყველაზე დაახლოებული ვოკალით.

რობერტ ლემის Poem For The People მისივე კლავიშებიანი შესავლითა და ვოკალით, სასულე ორკესტრის თავდაპირველი მკაცრი შემოსვლის ფონზე, ფოლკნერის გმირების ამერიკას მოგვაგონებს, ხოლო პირველი გვერდის დამაგვირგვინებელი ტერი კეტის In The Country, რომ გამოხატული საკონცერტო ჰიტია, ამაზე როგორც ავტორის გიტარის შეუზღუდავი საკონცერტო შესაძლებლობები, ასევე ორ ხმაში (კეტი–სეტერა) ულამაზესად აწყობილი ვოკალის პარტია მიგვანიშნებს. მომავალში მსგავსი ხელწერა, უკვე მე–5 ალბომის Dialogue–ში გაისმის...

ტერი კეტის კალამს ალბომის მესამე გვერდის ცხრაწუთიანი დამაგვირგვინებელი Memories Of Love–იც ეკუთვნის. ჯაზური და კლასიკური მუსიკის შთამბეჭდავი ნაზავი ბოლოსკენ მისივე ულამაზესი ბალადური ვოკალით მდიდრდება და საბოლოოდ ადრეული Chicago–ს კიდევ ერთ შედევრად გვევლინება.

Chicago II –ში კომპოზიტორული ნიჭი პიტერ სეტერამაც გამოავლინა. Where Do We Go From Here ალბომის დამაგვირგვინებელი სიმღერაა, თანაც თვით It Better And Soon–დან ერთგვარი განმტვირთველის ფუნქციას ასრულებს. სწორედ ამ სიმღერამ გააცნო შესანიშნავი მელოდისტი როკ სამყაროს, რომელმაც სულ რაღაც 6 წლის შემდეგ, Chicago–ს უკვდავი ჰიტი If You Leave Me Now შექმნა.

Chicago II კი ჩარტებში მაღალი პოზიციების მიუხედავად, არ არის შეყვანილი იმ 1001 ალბომს შორის, რომლებიც აუცილებელია, რომ მოისმინო... მერე რა მოხდა, ალბომის გარეკანზე ხომ არის წარმოდგენილი ჯგუფის წევრების საკუთარი ნაშრომის შეფასება, რომ ეს ალბომი თურმე „თანდათანობით შეიცნობა“...