დავით ქართველიშვილი: ტრამპი აპირებს აშშ-ში აკრძალოს ლგბტ პროპაგანდა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები გამჭვირვალე გახადოს - ეს თუ რუსულია, ჩათვალეთ, რომ ჩელიაბინსკისკენ მასთან ერთად მივემართებით

დავით ქართველიშვილი: ტრამპი აპირებს აშშ-ში აკრძალოს ლგბტ პროპაგანდა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები გამჭვირვალე გახადოს - ეს თუ რუსულია, ჩათვალეთ, რომ ჩელიაბინსკისკენ მასთან ერთად მივემართებით

„რადიკალები რომ სისხლის სუნზე არიან დაგეშილები, პოლიტიკური ნეკროფილია ჰქვია ამას. არც „ნაცმოძრაობის“ დროს გაჟღერებული უკვდავი ფრაზა - „ორი გვამი მინდა“ გაუუქმებია ვინმეს მათი რიგებიდან. ერთიც რომ იყოს, ამაზეც თანახმა არიან და ამისთვის ემზადებიან“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპი აპირებს აშშ-ში აკრძალოს ლგბტ პროპაგანდა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსები გამჭვირვალე გახადოს, შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ უფრო ადრე მიიღო, რუსეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

„აქციებზე რადიკალური განცხადებები კვლავ ჟღერდება, მაგრამ გამორიცხულია ამ მიზნებს მიაღწიონ. არნახულად მეამაყება დღეს ჩვენი სპეცსამსახურებისა და პოლიციელების მუშაობა. შესაბამისად, ნაცმაიდანის მოწყობის მცდელობა არავის არ გამოუვა. 
მინდა მივმართო აქციებზე მდგომ ყველა ადამიანს - უბრალოდ, დაუფიქრდით, თუ რას ლაპარაკობს ხელისუფლება. ხელისუფლება მზად არის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებულ დოკუმენტს დღესვე მოაწეროს ხელი. მაგრამ, იქიდან საპირისპირო არგუმენტი გვესმის - კი, მაგრამ, იქიდან ხომ ორი კანონის - ანტი ლგბტ პროპაგანდის (რომელიც, რეალურად, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კანონია) და გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაწვევას ითხოვენო. ამასაც დაუფიქრდით, ახალგაზრდებო - 20 იანვრის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელიც აშშ-ის ადმინისტრაციამ უნდა მიიღოს, არის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონი. იქნება თუ არა ის რუსული? ტრამპმა განაცხადა და ის ამის გამკეთებელია, რომ ამერიკული ჯარიდან და სპორტიდან განდევნის ტრანსგენდერიზმის ცნებას - იქნება თუ არა ეს რუსული გადაწყვეტილება? და მესამე - ტრამპი აპირებს ვიქტორია ნულანდის ფონდების ხარჯვით ნაწილს აუდიტი ჩაუტაროს და გამჭვირვალე გახადოს - იქნება თუ არა ეს რუსული გადაწყვეტილება? თუ იქნება, მაშინ, ჩათვალეთ, რომ ჩვენც და ამერიკული ადმინისტრაციაც ჩელიაბინსკისკენ მივემართებით“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.