მინდა, ევროკავშირის სახელით ხმამაღლა და მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ ვხედავთ ქუჩებში გამოსულ ხალხს, გვესმის მათი ხმები, შოკირებულები ვართ ძალადობით, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ელჩის თქმით, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას.
„ჩვენ ვდგავართ საქართველოს ხალხთან, ვისაც სურს უკეთესი მომავალი მათი ოჯახებისთვის, ვისაც სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. გასულ კვირას ვიყავი ბრიუსელში და ვესაუბრე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების ელჩებს, მე ასევე შევხვდი ჩემს ახალ კოლეგებს, ევროკავშირის ინსტიტუტებში მოხდა ცვლილებები. 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან და განიხილავენ საქართველოს საკითხს. საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ მომდევნო კვირის ბოლოს ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე. საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ძალადობის, სისასტიკის ხარისხი აბსოლუტურად მიუღებელია. ხალხს შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა მოსაზრებები. ეს ნებისმიერი დემოკრატიის ნაწილია, თუმცა ძალადობა, სისასტიკე სრულიად მიუღებელია. ასე რომ, მოდი ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო კვირაში“, – განაცხადა ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ის, რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება თბილისში, აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ პრივილეგირებულ ურთიერთობასთან, რაც ევროკავშირს ბოლო ათი წლის განმავლობაში ჰქონდა ჰქონდა საქართველოსთან.
„ვფიქრობ, ჩვენმა უმეტესობამ, ევროკავშირის დედაქალაქებში, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში, მივაღწიეთ იმ ეტაპს, როდესაც უნდა ვიმოქმედოთ. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა უკვე თქვა, რომ დადგება შედეგი. მოდით, ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს. წლების განმავლობაში საქართველოს პრივილეგირებული ურთიერთობა ჰქონდა ევროკავშირთან. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო მიმოსვლის შეთანხმება, საბოლოოდ საქართველოს მიენიჭა წევრობის კანდიდატის სტატუსი. რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება აბსოლუტურად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან და ეს პრივილეგირებული ურთიერთობა, რაც ევროკავშირს საქართველოსთან ბოლო ათი წლის განმავლობაში ჰქონდა, საჭიროებს რეაგირებას, ეს ზუსტად ისაა, რაც მოხდება“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.