ირაკლი ქადაგიშვილი: ჯგუფების შექმნის თაობაზე განცხადებები, მით უმეტეს, მოქმედებები, კანონსაწინააღმდეგოა, რასაც პერსპექტივა ვერ ექნება და სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი პასუხი გაეცემა

ირაკლი ქადაგიშვილი: ჯგუფების შექმნის თაობაზე განცხადებები, მით უმეტეს, მოქმედებები, კანონსაწინააღმდეგოა, რასაც პერსპექტივა ვერ ექნება და სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი პასუხი გაეცემა

ჯგუფების შექმნის თაობაზე განცხადებები, მით უმეტეს, მოქმედებები, კანონსაწინააღმდეგოა, რასაც პერსპექტივა ვერ ექნება და სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი პასუხი გაეცემა, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ყველა ასეთი სახის „ინიციატივა“ დაძაბულობას და მოქალაქეთა უფლებების დარღვევას ემსახურება.

„ასეთი სახის განცხადებები და, მით უმეტეს, მოქმედებები, კანონსაწინააღმდეგოა. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან კანონიერი პასუხი და კანონისმიერი ქმედება იქნება განხორციელებული. ყველა ასეთი სახის „ინიციატივა“ ესკალაციას, დაძაბულობას და მოქალაქეთა უფლებების დარღვევას ემსახურება. რა თქმა უნდა, ამას პერსპექტივა ვერ ექნება ვერც სამართლებრივი ჩარჩოებიდან გამომდინარე და ვერც პრაქტიკული განხორციელების თვალსაზრისით. ვინმეს მსგავსი განზრახვა თუ აქვს, მოვუწოდებთ, ამაზე დროზე აიღონ ხელი. მით უმეტეს, ახალგაზრდებმა, რადგან სამართლებრივად ასეთი ქმედების განხორციელება მკაცრად დასჯადია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დასაცავად შექმნილი ჯგუფი გამოჩნდა. „ტაბულა“ წერს, რომ აღნიშნული ჯგუფი აქციის მონაწილეების „ტიტუშკებისგან“ დასაცავად შეიქმნა.