პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ შეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვის აკრძალვის შესახებ რეგულაციის მიღება მიზანშეწონილი და აუცილებელია.
მისივე თქმით, ნიღბის გაკეთების უკან, დიდი ალბათობით, იკვეთება სურვილი, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში პირის იდენტიფიცირება არ მოხდეს.
„ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა აჩვენა, რომ ასეთი რეგულაციების მიღება მიზანშეწონილი და აუცილებელია, რადგან ვხედავთ, რომ ნიღბიანი პირები ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებენ. როგორც ჩანს, მათთვის მაპროვოცირებელი გარემოებაა ის, რომ სახე აქვთ შენიღბული და იდენტიფიცირება რთულად ხდება. ამიტომ, ბუნებრივია, სახელმწიფომ შესაბამისი რეგულაციები უნდა დაადგინოს. აქციებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, მაგრამ არ შეიძლება, ვინმე ნიღბებით მოქმედებდეს. ნიღბის გაკეთების უკან, დიდი ალბათობით, იკვეთება სურვილი, რომ კანონდარღვევის შემთხვევაში პირის იდენტიფიცირება არ მოხდეს. სახელმწიფო ასეთ შემთხვევებზე რეაგირებას მოახდენს და კანონმდებლობით გაიწერება აკრძალვები“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა: „მივიღებთ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის, კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა“.