ნიღბების აკრძალვის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ გვინახავს ბევრი დემონსტრაცია და ყველა აქციაზე შენიღბული დემონსტრანტები ყოველთვის იწვევდნენ კითხვის ნიშნებს თუ რა მოტივაცია არის ასეთი ადამიანების უკან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქციაზე ნიღბის აკრძალვასთან დაკავშირებით საუბრისას.
„ასეთი რეგულაციები მოქმედებს, როგორც ევროკავშირის უმეტეს ქვეყნებში, ასევე აშშ-ში. იდეა მარტივია, რომ უნდა იყოს შესაძლებელი ადამიანების იდენტიფიცირება. როდესაც ადამიანი არის შენიღბული და გრძნობს, რომ მისი იდენტიფიცირება არის გართულებული ის უფრო თამამია კანონდარღვევას და აგრესიაში.
ჩვენ მივყვებით იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც არსებობს ევროპაში, ავიღებთ ყველაზე მსუბუქ რეგულაციებს. ევროკავშირში არის რეგულაციები, რომ როდესაც მთლიანად საჯარო სივრცეში აკრძალულია სახის დაფარვა, ჩვენ მივყვებით უფრო მსუბუქ რეგულაციას, სადაც ასეთი შეზღუდვები მოქმედებს მხოლოდ შეკრებების დროს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მიღებული იქნება კანონი, რომლითაც აიკრძალება შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის კონტრშეკრების მონაწილეების მიერ, სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.