„დარწმუნებული ვარ, რომ რაც დრო გავა, აქციაზე მდგომთა რიცხვი შემცირდება, რადგან იმ შინაარსს, თუ რა განცხადება გააკეთა პრემიერმა [ევროკავშირთან მიმართებით], კარგად გაიგებენ“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები არაფერს არ ითხოვენ, აქციაზე პირდაპირ შეიარაღებულები მიდიან და პარლამენტზე შტურმს იწყებენ, ამას კი კარგად ხედავს საზოგადოება.
„ბოლო დღეებში რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერები და წარმომადგენლები რომ მიდიან აქციაზე და პირდაპირ შტურმს იწყებენ პარლამენტზე, ვის შეუძლია თქვას, თუ რას ითხოვენ ისინი? არავის, რადგან ისინი არაფერს არ ითხოვენ - აქციაზე შეიარაღებულები მოდიან, პარლამენტზე პირდაპირ შტურმს იწყებენ და პოლიციასთან კონფლიქტში შედიან. ამას ხედავს მთელი საზოგადოება. მაგრამ, საქართველო შემდგარი სახელმწიფოა და არანაირი რევოლუცია აქ არ მოხდება“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.