ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი კრიტიკული, ობიექტური შეკითხვა და დარწმუნებული ვართ, ახალგაზრდებშიც გამოჩნდებიან ისეთი ჯგუფები, რომლებიც საღად აზროვნებენ, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კირცხალიამ პრემიერის შეთავაზებაზე საუბრისას - საჯარო ან არა საჯარო სივრცეში დისკუსიის გამართვის შესახებ.
მისივე თქმით, პრემიერმა საჯარო დისკუსიის გამართვის შესახებ დააფიქსირა თავისი პოზიცია, რათა საზოგადოების გარკვეული ნაწილი კიდევ ერთხელ არ მოექცეს არასწორი გავლენების ქვეშ და მათთვის ყველაფერი გახდეს ნათელი.
„ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ ნებისმიერი კრიტიკული, ობიექტური შეკითხვა მათი მხრიდან და დარწმუნებული ვართ, ახალგაზრდებშიც გამოჩნდებიან ისეთი ჯგუფები, რომლებიც საღად აზროვნებენ, რომლებმაც რეალურად რაღაც ვერ გაიგეს, რომლებიც შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ შეიძლება, შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, რომ დასვან, დაგვისვან კითხვები. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ. თუ ერთ საკითხს, არგუმენტს მოგვიყვანენ იმის საწინააღმდეგოს, რასაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჩვენ ამით რაიმე დავაზიანეთ, ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი დისკუსიისთვის. თუმცა, ძალიან რთულია, ვერ მოგვიყვანენ ვერაფერს, რადგან ნებისმიერი საღად მოაზროვნე საზოგადოების წევრი, რომელმაც უსმინა, ნახა, წაიკითხა პრემიერის განცხადება, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაკეთდა, იქ გამორიცხულია, შეძლო, რაიმე ამოიკითხო ანტიევროპული. რაც შეეხება ფაშისტურსა და ანტიევროპულს, კარგად ვხედავთ ქუჩაში დაორგანიზებული აქციის სახით“, - განაცხადა კირცხალიამ.
პრემიერმა შესთავაზა ყველას, დაძლიონ ლიბერალურ-ფაშისტური ზეწოლა და ჩაერთონ საჯარო, ან არასაჯარო დისკუსიაში.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 28 ნოემბერს განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.