ორი ღამეა ვაკვირდები ამ ადამიანებს, ვუსმენ მათ და დასკვნამ თავადაც გამაოცა! უმეტეს ნაწილს აქვს განცდა, რომ თამაშობს კომპიუტერულ თამაშს „ქაუნთერ სტრაიქს“, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გენერალური დირექტორი, ექიმი ფსიქიატრი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ახალგაზრდების ეს ჯგუფი თავს წარმოიდგენს ამ თამაშში, რეალობა კი დამატებით დრაივს და ადრენალინს აძლევს და ალბათ ერთი სული აქვთ, როდის დაღამდება - ადრენალინის ხარჯვა მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა ორგანიზმისთვის. გადელიას აზრით, ის, რომ ამით წესრიგს არღვევენ და შეიძლება დაიჭირონ - „კიდევ უფრო აძლიერებს მუღამს (მით უფრო, თუ მართლა მალე უშვებენ)“.
„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, შვილებო! მშვენივრად მესმის თქვენი პროტესტი და თავშეყრის მიზანი! სხვა ამბავია, გეთანხმებით თუ არა - ეს სულაც არაა დამოკიდებული ქვეყნის სიყვარულზე, ეჭვიც არ მეპარება თქვენს კეთილგანზრახვაში - ეს მხოლოდ რეალობის გაანალიზების საკითხია: მე სხვანაირად ვხედავ არსებულ რეალობას და მოსალოდნელ შედეგებს, თქვენ - სხვაგვარად. ნუ დავიწყებთ დავას - ვერ შევთანხმდებით, ძალიან მაღალი წარმოდგენა მაქვს ჩემი ანალიზის უნარზე.
რა თქმა უნდა ვხვდები ხელისუფლების შეცდომებსაც და არასდროს ვმალავ ამას. სამი ისეთი დიდი, არავითარი სიკეთის მომცემი შეცდომა დაუშვა მარტო ერთ წელს (ადრინდელზე არაფერს ვამბობ), რომელმაც აქამდე მიიყვანა. არ ჩამოვთვლი. ამიტომაც, სრულიად გაგებით ვეკიდები თქვენს სამოქალაქო აქტივობას...
დარწმუნებული ვარ, წარმოუდგენელია არ იცოდეთ, რა ხდება თქვენი სრულიად ცივილიზირებული, იურიდიულად გამართული და საკმაოდ ხალხმრავალი თავყრილობის შემდეგ. ყოველ ღამე, დაახლოებით 12 საათისთვის, თქვენს ადგილს იკავებენ აგრესიულად განწყობილი ადამიანები და იწყება ძალიან ცუდი ამბები. საკმაოდ ახლოსაა მათთან კამერები და ეს ორი ღამეა ვაკვირდები ამ ადამიანებს, ვუსმენ მათ (საკმაოდ კარგად ისმის). დასკვნამ თავადაც გამაოცა! - უმეტეს ნაწილს აქვს განცდა, რომ თამაშობს კომპიუტერულ თამაშს! „ქაუნთერ სტრაიქს“, ან უფრო სხვას - ჩემი უმცროსი ბიჭი თამაშობს, სახელი დამავიწყდა. იმ თამაშში რომ არის, სწორედ ისე უჭირავს მიტინგზე (უფრო ზუსტად, სათამაშოდ) მოსულ ბიჭს ქვემოდან პეტარდების ყუთი და აფრქვევს ცეცხლს. თავს წარმოიდგენენ იმ თამაშში! რეალობა დამატებით დრაივს და ადრენალინს აძლევთ და უკვე ალბათ ერთი სული აქვთ, როდის დაღამდება - ადრენალინის ხარჯვა მნიშვნელოვანი მოთხოვნილებაა ორგანიზმისთვის! ის, რომ ამით წესრიგს არღვევენ და შეიძლება დაიჭირონ - კიდევ უფრო აძლიერებს მუღამს (მით უფრო, თუ მართლა მალე უშვებენ).
სინამდვილეში, არაა ასე მარტივად საქმე. გუშინ, ერთი ქალბატონი, საზმაუში ძალიან ემოციურად ითხოვდა - "გამოუშვით ბავშვები, თუნუქის ფირფიტის ოდნავ ჩაჭყლეტისთვის რატომ უნდა დაიჭიროთ!"-ო.
ვუყურებ ეს ორი ღამეა გვიანამდე და ეს კომპიტერული თამაშების რეალური სუბლიმაცია სულაც არააა უხიფათო!
არაფერს ვიგონებ, ყველა კამერა აჩვენებდა, როგორ ჩაამტვრიეს პარლამენტის ფანჯრის მინები და შეუშვეს ანთებული პიროტექნიკა. ფაქტიურად გააჩაღეს ხანძარი! ნამდვილად არ მინახავს თავად, მაგრამ შედეგებით და კლინიკებში მიყვანებით ჩანს, რომ პოლიციელების სახეებისკენაც ისვრიან ამ ყველაფერს. დღე ამას ვერ ბედავენ თუნდაც იმიტომ, რომ თქვენ, მიტინგის მონაწილეებს არ მოგწონთ და ბევრჯერ მინახავს როგორ აძლევთ შენიშვნას პოლიციის საწინააღმდეგო ქმედებისას. სწორია ეს პოზიცია! არასდროს არ უნდა წახვიდეთ ძალით, კრიმინალური ხერხებით საკუთარი ქვეყნის ოფიციალური ორგანოების წინააღმდეგ! არ ყოფილა შემთხვევა, როცა სადმე, ოდესმე ამ გზით სიკეთეს გაემარჯვოს! არცერთ ქვეყანაში! ყველა ასეთი შემთხვევა იწვევს ქვეყნის ნგრევას და ადამიანის უფლებების კიდევ უფრო მძიმედ გათელვას. ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს საწინააღმდეგოდ. ამავე დროს, ყველა ხელისუფლება გამოცვლადია მშვიდობიანად - მით უფრო, ახლანდელ დროს.
მთელი უბედურება ისაა, რომ ამ ახალგაზრდებს ვიღაცეები უქებენ საქციელს, ზოგიერთი პარტია ალბათ აფინანსებს და ახალისებს კიდეც - ბევრს ეტყობა ამ მიმართულებით გაწვრთნაც. მე ვფიქრობ, ეს ბიჭები ძალიან დიდ შარში არიან, ვიღაცის მიერ გამოყენებულები და ამავე დროს, ძალიან ვნებს საზოგადოების ერთი, მნიშვნელოვანი ნაწილის მხურვალე და კანონზომიერ პროტესტს!“, - წერს დავით გადელია.