ანალიტიკოსი გურამ სანადირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ფართოდაა გავრცელებული აზრი, რომ ჩვენი ქვეყანა შორდება ევროპას და უახლოვდება რუსეთს. გაბატონებულია დიქოტომია: „ევროპა თუ რუსეთი“. ამ დიქოტომიას ფართოდ იყენებდა წინასაარჩევნოდ ოპოზიცია და მას დღესაც ვერ ელევიან.
მაგრამ ასე მარტივად არაა საქმე. განვიხილოთ ორივე ფაქტორი ცალ ცალკე.
რაც შეეხება ევროპასთან დამოკიდებულებას.
ევროპა და ევროპული ცივილიზაცია არ აურიოთ ევროკავშირთან. ევროპა არის მსოფლიოში არსებულ ცივილიზაციათა შორის ერთადერთი, რომელიც აღიარებს ადამიანის თავისუფლებას და მის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, რისთვისაც ქმნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ხოლო ევროკავშირი არის ევროპულ სახელმწიფოთა (არა ყველასი) ეკონომიკური და პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც გაფართოებას 2030 წლამდე არ აპირებს (ეს ეხება ყველა კანდიდატს, მათ შორის უკრაინასაც, რომელმაც ევროპას თავი შესწირა).
ჩვენ არც ვუახლოვდებით და არც ვშორდებით ევროპას. ანუ მარტივად თუ ვიტყვით, 30 წელია ადგილზე ვდგავართ და მხოლოდ პროევროპულობის იმიტაციას ვახდენთ მთელი ეს პერიოდი.
ჭეშმარიტი პროევროპული იქნებოდა ის ძალა, რომელიც შეძლებდა:
1. დაერღვია დამოუკიდებელ საქართველოში წარმატებით შემორჩენილი საბჭოური სახელისუფლო ვერტიკალი (დღეს რომ პუტინის ვერტიკალს უწოდებენ), როცა ხელისუფლების სათავეში მყოფი სუბიექტი აკონტროლებს სახელმწიფოში არსებულ ყველა რესურსს, როგორც ფინანსურს, ისე მატერიალურს და ადამიანურს, და
2. შეძლებდა დაემკვიდრებინა:
• ხელისუფლებათა დანაწილება აღმასრულებელ, საკანონმდებლო (ორპალატიანი პარლამენტი), სასამართლო ხელისუფლებებად, აგრეთვე მუნიციპალურ და რეგიონულ თვითმმართველობად;
• ხელისუფლებათა მონაცვლეობა ყველა დონეზე;
• აგრეთვე ქვეყანაში არსებული ყველა (უკლებლივ ყველა!) დაწესებულების აბსოლუტური გამჭვირვალობა საზოგადოების წინაშე (რაც აუცილებელი პირობაა სისტემური კორუფციის აღმოსაფხვრელად).
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ ასეთი ძალა არ გამოჩენილა (პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი, რაც ზოგჯერ გამოუვლენიათ ჩვენს ხელისუფალთ, საკმაოდ დაშორებულია ჭეშმარიტი პროდასავლურობისაგან), და როგორც ვატყობ, კარგა ხანი არც გამოჩნდება.
ეხლა რაც შეეხება რუსეთთან დამოკიდებულებას.
ჩვენი სახელმწიფო ერთადერთია რუსეთის მეზობელ და მასთან დაპირისპირებულ სახელმწიფოთა შორის ვისაც არ გააჩნია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა (უკრაინასაც კი, რომელიც საომარ მოქმედებებშია რუსეთთან, არ გაუწყვეტია მასთან დიპლომატიური ურთიერთობა). არადა, არსებულმა კონფლიქტმა მთელი სიმწვავით დააყენა ეროვნული უსაფრთხოების საკითხი. აღმოჩნდა, რომ ამერიკისა და ევროპის იმედზე მყოფი 40 მილიონიანი უკრაინა (ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო) სრულიად დაუცველია რუსეთის აგრესიის წინაშე. შედეგად განადგურდა და გაპარტახდა უკრაინა, რომელმაც უკვე მილიონამდე მებრძოლი დაკარგა, ხოლო მოსახლეობის 1/3 ზე მეტი ლტოლვილად იქცა.
არც იმის გახსენება გვაწყენს, რომ 1995 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები არიან ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და, წარმოიდგინეთ, აგრესორი რუსეთი (?!). ვერაფერს იტყვი, ნამდვილად საიმედო გარანტორები აღმოჩნდნენ. აფერუმ მათ. გარანტორები მყავსო უკრაინამ უნდა დაიტრაბახოს. ეს ფაქტი თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ რეალპოლიტიკაში არ არსებობენ მეგობრები (მით უმეტეს სტრატეგიული მეგობრები) და ყველაფერს წყვეტს სახელმწიფოთა ინტერესების ჭიდილი.
ისიც აღსანიშნავია, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისადმი გაწეული დახმარების ყოველი პაკეტი (პიპეტის დოზით, როგორც შენიშნა ა.ილარიონოვმა), უფრო შეურაცხადს ხდის მოსკოვის რეაქციას, რომელიც ზრდის და ზრდის ფსონს. ასეთ პირობებში პატარა საქართველოს უსაფრთხოება, მიუხედავად მისი ცივილიზაციათა კონფლიქტში ჩაურევლობისა (რაც გარკვეული წრეებიდან მძაფრი კრიტიკის საგნად იქცა), კიდევ უფრო მოწყვლადი ხდება.
საქართველო, რომლის გეოპოლიტიკური ღირებულება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უაღრესად გაიზარდა, საჯილდაო ქვად იქცა. მასზე გავლენის მოპოვება განსაკუთრებით ვაშინგტონს სურს. თანაც მუქთად. აქ კი ნურას უკაცრავად, ასე არ გამოვა. ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები, არა უკრაინისთვის მიცემული ფარატინა ქაღალდის მსგავსი, არამედ რეალური: ან ნატოს სრულუფლებიანი წევრობა ან ამერიკა-ისრაელის მსგავსი ურთიერთობის დამყარება ვაშინგტონთან.
მანამდე კი, ჩვენი უსაფრთხოებისათვის ყველაზე ქმედითი აღმოჩნდა ჩინეთის ფაქტორი, რომელსაც რუსეთი ასე თუ ისე ანგარიშს უწევს (ყველას გვახსოვს 2022 წლის იანვარში სი ძინპინის წარბების შეჭმუხვნამ როგორ აიძულა რუსეთი გაეყვანა ჯარები ყაზახეთიდან). სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების მიერ ჩინეთთან დამყარებული სტრატეგიული ურთიერთობა დღეისათვის ყველაზე ადეკვატურია ქვეყნის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
გუნებაში რა აქვთ ჩვენს ხელისუფალთ არ ვიცი. მოქმედება კი ნამდვილად რეალურ პოლიტიკაში ჯდება (ჯერ ჯერობით).
აი ეს არის სულ“.