„მიზეზი, რის გამოც პროტესტი დაიწყო და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი აქციაზე გამოვიდა, იყო ის, რომ თითქოს საქართველომ შეწყვიტა ევროინტეგრაციის პროცესი. ამ დროს კი, [პრემიერის] განცხადებაში სრულიად გარკვევით წერია, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კი არ შეწყდა, უბრალოდ, ჩვენი მხრიდან არ იქნება მოთხოვნა, რომ დღეს, ან ხვალ გახსნან მოლაპარაკებები“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, ჯერ სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებთან და სამართალთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, ამას კი დრო და რესურსები სჭირდება.
„ამ ყველაფერს თავისი პრაგმატული მიზეზები აქვს: ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რომელიც უნდა განვიხილოთ. ეს გულისხმობს იმას, რომ საქართველო რომ ევროკავშირის წევრი გახდეს, ჯერ სხვადასხვა ევროპულ ინსტიტუციებთან და სამართალთან სრულ შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, ამას კი დრო და რესურსები სჭირდება.
წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: ვთქვათ, მოლაპარაკებები 2025 წელს გაიხსნა. ამა თუ იმ ვალდებულების შესრულებას ობიექტურად სჭირდება ორი, სამი, ზოგჯერ ხუთი წელი. ანუ, 2028 წლამდე მაინც ვერ მოვახერხებთ ამა თუ იმ ვალდებულების შესრულებას. შესაბამისად, მაინც 2028 წელს ვიქნებით მზად ტექნიკურად იმისთვის, რომ ეს თემა დასრულდეს. ამის შემდეგ კი შემოდის პოლიტიკური მდგენელი, ანუ, თვითონ ევროკავშირი რამდენად იქნება მზად მორიგი გაფართოებისთვის“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.