აქციის ერთ-ერთი მონაწილე: პოლიცია დგას და ხალხი რაც უფრო მეტად რაღაცას ესვრის, იქიდან მით უფრო იძაბება და წყობიდან გამოდიან

აქციის ერთ-ერთი მონაწილე: პოლიცია დგას და ხალხი რაც უფრო მეტად რაღაცას ესვრის, იქიდან მით უფრო იძაბება და წყობიდან გამოდიან

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ დაადასტურა, რომ მომიტინგეები პოლიციელების გამოწვევას ცდილობდნენ. მისი თქმით, ვითარება მაშინ იძაბებოდა, როდესაც აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა ნივთს ისროდნენ

„ესენი [სამართალდამცველები] დგანან და ხალხი რაც უფრო მეტად რაღაცას ესვრის, მით უფრო იძაბება იქიდან და წყობიდან გამოდიან, - განაცხადა მიმდინარე აქციის დროს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში აქციის მონაწილემ.

რუსთაველის გამზირზე დასუფთავებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს იმ ტერიტორიის დასუფთავება, საიდანაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების გაყვანა და მათ მიერ აღმართული ბარიკადების მოშლა შეძლეს. აქციის მონაწილეებს გამზირზე რამდენიმე ადგილას კოცონიც ჰქონდათ დანთებული.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ აქცია წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საშუალებები.

უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კერძოდ, სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის მონაწილეები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.

დაშავებულები არიან აქციის მონაწილეები, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე, დაშავებულია 18 სამართალდამცველი.

აქციაზე დაშავებული მოქალაქეები კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმ ნიკა კაპანაძის განცხადებით, მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ ჰქონიათ და ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.