აუ, ერთი „ტრუპი“ გვინდა რა, ცეცხლზე ნავთი გვინდა, - Forum.ge-ზე ანონიმური ანგარიში მსხვერპლის აუცილებლობაზე წერს.
„ვინმე ბებრუხანას დაკავების დროს გული რომ წაუვიდეს და გაუსკდეს, ტუზ კოზირია პროცესზე“, - აღნიშნავს ფორუმის ანონიმური წევრი.
რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულებულია, საავტომობილო მოძრაობა აღდგა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ აქცია წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საშუალებები.
უფრო ადრე კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. კერძოდ, სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის მონაწილეები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა.
დაშავებულები არიან აქციის მონაწილეები, სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე, დაშავებულია 18 სამართალდამცველი.
აქციაზე დაშავებული მოქალაქეები კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. ექიმ ნიკა კაპანაძის განცხადებით, მათ სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ ჰქონიათ და ყველა პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.