ჩვენი მცდელობა ერთადერთია, რომ პოლიტიკური შანტაჟი ევროკავშირის გზაზე მინიმუმამდე დავიყვანოთ, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ჩვენ რეალურად ევროინტეგრაციის გზაზე ორ პარალელურ პროცესს ვაკვირდებით. ერთი პროცესი არის მატერიალური მხარე, ე.ი. რას აკეთებს საქართველო, როგორც სახელმწიფო, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ვხედავთ, რომ ამ კუთხით ყოველ ჯერზე საქართველო ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის. ჩვენი რეფორმები, ეკონომიკა, პოლიტიკა, უამრავი სპექტრი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს წინ და უახლოვდება ევროსტანდარტებს. ამას ევროკავშირის ოფიციალური შეფასებითი დოკუმენტები და ანგარიშები ამბობენ.
მეორე პროცესი წმინდა პოლიტიკური პროცესია, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ რამენაირად ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება მოხდეს გარე ჩარევის მეშვეობით. სწორედ ამას ეწირება ევროკავშირთან დაახლოების კეთილშობილური საქმე და იდეა. ჩვენი მცდელობა ერთადერთია, რომ პოლიტიკური შანტაჟი ევროკავშირის გზაზე მინიმუმამდე დავიყვანოთ", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.