მოლაპარაკებების გახსნა დღეს ზუსტად ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟებისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მან ეს პროცესი შეაფასა როგორც ხელოვნური მოვლენა და აღნიშნა, რომ მთავარია არა ის, თუ როდის გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას.
„ესეც არის სრულიად ხელოვნური მოვლენა, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის თარიღზე გაწევრიანების თარიღი საერთოდ არ არის დამოკიდებული.
მთავარია არა ის, თუ როდის გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ უკრაინაზე და მოლდოვაზე გვიან დაიწო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან და უვიზო რეჟიმის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა, სამივე შემთხვევაში წარმატებას ამ ქვეყნებზე ადრე ან ამ ქვეყნების თანადროულად მიაღწია. იმასაც შეგახსენებთ, რომ მონტენეგრომ და სერბეთმა, შესაბამისად, 2012 და 2014 წელს გახსნეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა, ამას მათი ევროინტეგრაცია ოდნავადაც არ დაუჩქარებია. თურქეთს კი, ევროკავშირმა 2005 წელს გახსნილი მოლაპარაკებები 2016 წელს, საერთოდაც, შეუწყვიტა.“ - განაცხადა კობახიძემ.