ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის ტექსტში შესწორება დაამტკიცა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისკენ და მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.
„[ევროპარლამენტი] მტკიცედ იმეორებს თავის სასწრაფო მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული ნიშნით დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ; ხაზს უსვამს, რომ საქართველოს მთავრობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე სრული და უდავო პასუხისმგებლობა ეკისრება და ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მას მიადგება, სრულად პასუხისმგებელი იქნება; კიდევ ერთხელ მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მისი კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს და ის შეიწყალოს“, - ნათქვამია რეზოლუციაში.
ცნობისთვის, დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტი ევროკომისიას საქართველოს უვიზო რეჟიმის გადახედვისკენ მოუწოდებს; ასევე, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის დასანქცირებას მოითხოვს და ერთი წლის განმავლობაში საქართველოში არჩევნების ხელახლა ჩატარების მოწოდებით გამოდის.
ევროპარლამენტმა რეზოლუცია 444 ხმით 72-ის წინააღმდეგ მიიღო.