ირაკლი კობახიძე: ეროვნული სასწავლო პროგრამის შედგენისას, მაქსიმალურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები, ბავშვების აღქმაში დაეკნინებინათ პატრიოტიზმის, ეროვნული იდენტობის აღქმის მნიშვნელობა, ეს მანკიერება მთლიანად აღმოსაფხვრელია

ირაკლი კობახიძე: ეროვნული სასწავლო პროგრამის შედგენისას, მაქსიმალურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები, ბავშვების აღქმაში დაეკნინებინათ პატრიოტიზმის, ეროვნული იდენტობის აღქმის მნიშვნელობა, ეს მანკიერება მთლიანად აღმოსაფხვრელია

ეროვნული სასწავლო პროგრამის შედგენისას, მაქსიმალურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები, დაეკნინებინათ ბავშვების აღქმაში პატრიოტიზმის მნიშვნელობა, ეროვნული იდენტობის აღქმის მნიშვნელობა, ეს მანკიერება არის მთლიანად აღმოსაფხვრელი ზოგადი განათლების სისტემაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია და პირველი დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ, ეს იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც პატრიოტიზმის, ეროვნული იდენტობის, პიროვნული იდენტობის პატივისცემის ღირებულებებს ეფუძნება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სწორედ, ამ ღირებულებებს დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა, სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები.

„სკოლებზე საუბრისას აუცილებლად უნდა შევეხო აქტუალურ თემას, რომელიც უკავშირდება სასწავლო პროგრამებს, სახელმძღვანელოებს. გამოვლინდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უკავშირდება სახელმძღვანელოებიდან და სასწავლო პროგრამიდან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების ამოღებას, კონკრეტულად ქართულ ლიტერატურას ეხებოდა ეს ყველაფერი და საქართველოს ისტორიას, რაც მიანიშნებს, ზოგადად, იმ მანკიერებაზე, რომელიც ამ სისტემაში იყო დანერგილი. ეს ყველაფერი არის იმ ე.წ. ლიბერალური ტენდენციების გამოვლინება, რომელიც საქართველოში ღრმად იდგამდა ფესვებს 2004 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით ეს ტენდენცია საგრძნობი იყო განათლების სფეროში. ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რომ ეროვნული სასწავლო პროგრამის შედგენისას, მაქსიმალურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები, დაეკნინებინათ ბავშვების აღქმაში პატრიოტიზმის მნიშვნელობა, ეროვნული იდენტობის აღქმის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ეს მანკიერება არის მთლიანად აღმოსაფხვრელი ზოგადი განათლების სისტემაში. ამაზე ზრუნვა უკვე დაწყებულია, პირველი დოკუმენტი, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ, ეს იყო ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება, სწორედ, ამ ღირებულებებს. ეს არის, სწორედ, პატრიოტიზმი, ეროვნული იდენტობის, პიროვნული იდენტობის პატივისცემა და ა.შ. ამას დაეფუძნება ეროვნული სასწავლო გეგმა, სასწავლო პროგრამები, სახელმძღვანელოები. აქ გვჭირდება ფუნდამენტური რეფორმა, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა ამ პროგრამის განხორციელებაში. იქნება წინააღმდეგობა, ესეც შემიძლია წინასწარ გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან სერიოზული ძალები იყვნენ ჩართულნი იმ არასწორი ტენდენციების ჩამოყალიბებაში, რომელიც აშკარა იყო ჩვენს ქვეყანაში, მთელი ამ წლების მანძილზე. იქნება წინააღმდეგობა, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი სასწავლო პროგრამა სკოლებში დაეფუძნოს, სწორედ, ამ ღირებულებებს, რასაც ჰქვია პატრიოტიზმი, რასაც ჰქვია იდენტობის პატივისცემა, ეროვნული, პიროვნული იდენტობის პატივისცემა და ამისთვის ყველაფერი გაკეთდება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.