მამუკა მდინარაძე: 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმი საქართველოს ინტერესებს და გარე ინტერესებს შორის და ამ შემთხვევაშიც, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა საქართველოს ეროვნულმა ინტერესებმა

მამუკა მდინარაძე: 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმი საქართველოს ინტერესებს და გარე ინტერესებს შორის და ამ შემთხვევაშიც, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა საქართველოს ეროვნულმა ინტერესებმა

ვიდრე ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვიდოდით, ბევრი პატარ-პატარა ბრძოლა გადავიტანეთ და საერთო ჯამში, გვიწევს ომზე ლაპარაკი, რომელიც მშვიდობით უნდა მოვიგოთ,  - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა საქართველოს ეროვნულმა ინტერესებმა, თუმცა, ეს მმართველ გუნდს მოდუნების საშუალებას არ აძლევს, ვინაიდან, საზოგადოებასთან ერთად, საბოლოო გამარჯვებას უნდა მიაღწიოს. 

„ვისა და ვის შორის არის ეს ომი, ძალიან მოკლე მიმოხილვას გავაკეთებ. ბატონ ირაკლის [კობახიძე] პირველ რიგში ვეთანხმები იმაში, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო რეფერენდუმი საქართველოს ინტერესებს და გარე ინტერესებს შორის და ამ შემთხვევაშიც, მორიგ ჯერზე გაიმარჯვა საქართველოს ეროვნულმა ინტერესებმა ამ რეფერენდუმში, მაგრამ, ეს ჩვენ დამშვიდების საშუალებას არ გვაძლევს, იმიტომ, რომ  ეს ომი გრძელდება. არავის ჩაუქნევია ხელი იმაზე, რომ გარე ინტერესები იყოს მძლავრად წარმოდგენილი ამ ქვეყანაში და საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ამ ომში, საბოლოოდ გამარჯვებას ვერ მივაღწევთ, თუ ოდნავ მაინც რაღაც მომენტში მოვდუნდებით და ვიტყვით, რომ გავიმარჯვეთ და ხვალინდელი დღე ამით არის უზრუნველყოფილი. სამთავრობო პროგრამაც, ჩვენი თითოეული ნაბიჯიც უნდა იყოს მორგებული იმაზე, რომ საბოლოო გამარჯვებისათვის ვიზრუნოთ.“ -  აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.