ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი 2030 წელს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა.
„ამისთვის მოგვიწევს კონკრეტული პირობების შესრულება, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ის, რაც ვთქვი სხდომათა დარბაზში, ერთი მხრივ, ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, თუ გვინდა გაწევრიანება, მაგრამ ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანია ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის კეთილდღეობა, მისი მიზანია გაუფრთხილდეს ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს, შევინარჩუნოთ მშვიდობა ამ ქვეყანაში. ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ, რომ გვინდა ერთმანეთისთვის სიკეთე. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მან ასევე უპასუხა შეკითხვას, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხებოდა დღეს ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში რაღაცებზე უარის თქმასთან დაკავშირებით.
„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაუქმება თუ მოხდება, ეს არის სერიოზული დარტყმა, ბუნებრივია, ეკონომიკაზე, მაგრამ დღეს არ ვართ ჩვენ ამაზე სასაუბროდ მოსული. ჩვენ გვაქვს ჩვენი პროგრამა და ჩვენი მთავარი ამოცანა არის ამ პროგრამის შესრულება. შალვა პაპუაშვილს საუბარი ექნებოდა იმაზე, ხვალ რომ რაღაც მოხდეს, რას გამოიწვევს ეს. ჩვენ გვაქვს ამიტომ 6-წლიანი მიზანი. ხვალ რომ რაღაც მოხდეს, შეიძლება ამან გამოიწვიოს გარკვეული კატაკლიზმები, მაგრამ ამიტომ გვაქვს 6-წლიანი მიზანი, რომ მანამდე ადაპტაცია განახორციელოს. მარტივ რამეზეა საუბარი, სიტყვაზე, შენ რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შეიძლება მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთ ქვეყანასთან, რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონით ტურისტების შემცირებას. ეს არის ალბათ, რაზეც ჰქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.