ეკონომიკური წინსვლა და ის, რომ რაც მთავარია საქართველოში არის მშვიდობა, მოიტანა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა და რაციონალურმა პოლიტიკამ, - ასე უპასუხა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის განცხადებას, რომ საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელი მოგებაა და ამ ტიპის მოგება დიდხანს არ გრძელდება.
ლევან მახაშვილის თქმით, „ბევრი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ ხან ამ ადამიანისგან, ხან სხვებისგან“.
„ყველაფერი იყო ძალიან მკაფიო და ნათელი. ეკონომიკური წინსვლა და ის, რომ რაც მთავარია საქართველოში არის მშვიდობა, ეს მოიტანა საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა და რაციონალურმა პოლიტიკამ.
მშვიდობის პროცესი და ეკონომიკური აღმავლობის პროცესი არც ამ პროცესით დაწყებულა და დარწმუნებულები ვართ, მსგავსივე მიდგომით, მსგავსივე პოლიტიკით შემდეგი 4 წლის განმავლობაში შევძლებთ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ ეს პროცესები. სხვა მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი სპეკულაციური განცხადება მოვისმინეთ ხან ამ ადამიანისგან, ხან სხვებისგან. თუ რაიმე სარგებელზეა საუბარი, მე მათ ვურჩევდი, რომ საკუთარ პარტნიორებსვე, მათვე რუსეთთან ურთიერთობებს ჩახედონ, ნახონ რეალურად ვის რა ვაჭრობა აქვს რუსეთთან, ვინ როგორ და რამდენი პროცენტით გაზარდა რუსეთთან ვაჭრობა. მათ შორის, საზოგადოებასაც შევახსენებ, რომ ჩვენმა საბაჟო-სამსახურებმა ომის დაწყების შემდეგ 2 ათასზე მეტი აკრძალული ტრანზაქცია გააჩერეს საქართველოს საზღვარზე, რომელთა უმრავლესობა მოდიოდა არც მეტი, არც ნაკლები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან. ასე, რომ როდესაც სხვისკენ გაიშვერენ თითს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში ჩაიხედონ“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.