შალვა პაპუაშვილი: მიჩნდება განცდა, რომ მოგვატყუეს ქართველი ხალხი ევროპიდან. გვითხრეს, რომ სახელმძღვანელო იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა, ახლა ქალბატონი ლექსმანი ამბობდა, რომ ეუთო/ოდირი ავტოკრატიას უჭერს მხარსო

შალვა პაპუაშვილი: მიჩნდება განცდა, რომ მოგვატყუეს ქართველი ხალხი ევროპიდან. გვითხრეს, რომ სახელმძღვანელო იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა, ახლა ქალბატონი ლექსმანი ამბობდა, რომ ეუთო/ოდირი ავტოკრატიას უჭერს მხარსო

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს საზოგადოების ნაწილი გარკვეულწილად მოტყუებულად გრძნობს თავს, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები აცხადებდნენ, რომ საარჩევნო პროცესის შეფასებისას მათთვის განმსაზღვრელი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა.

როგორც პაპუაშვილმა გადაცემა "ღამის კურიერში" საუბრის დროს განაცხადა, საერთაშორისო ორგანიზაციამ როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად დაადასტურა, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი სამართლიან და თავისუფალ გარემოში წარიმართა, ხოლო ახლა, ევროპარლამენტარების ნაწილი აღნიშნულ დასკვნას აღარ ენდობა.

"რაღაც მომენტში შეიძლება შეიქმნას აღქმა, რომ მოგვატყუეს ქართველი ხალხი, მათ შორის ევროპიდან. ჩვენ გვითხრეს, რომ მნიშვნელოვანია არჩევნები, აკვირდებიან არჩევნებს, ვართ კანდიდატი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ამ მხრივ, გარკვეული ანალიზი კეთდება. გვითხრეს, რომ მათთვის სახელმძღვანელო იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. აღმოჩნდა, რომ მოგვატყუა ზოგიერთმა.

გუშინ მოვისმინეთ ევროპელების განცხადებები. ქალბატონი ლექსმანი, ევროპარლამენტის წევრი ამბობდა, რომ ეუთო/ოდირი ავტოკრატიას უჭერს მხარსო და იქით დააყენა ეუთო/ოდირის ლეგიტიმურობის საკითხი.

ბატონი ბორელისგან მოვისმინეთ, რომ თითქოს, ეუთო/ოდირს არ უთქვამს, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, რაც გახლავთ ჩვეულებრივი დეზინფორმაცია. სამწუხაროა, რომ ევროკომისიის წარმომადგენელი დეზინფორმაციას ავრცელებს, ვინაიდან დადასტურებულად ვიცით ყველამ, მილიონჯერ არის ახსნილი, რომ ეუთო/ოდირს აქვს ასეთი ტერმინი - თავისუფალი და სამართლიანი და ა.შ. ბორელის ლოგიკით, არც ამერიკის არჩევნები შეაფასა თავისუფლად და სამართლიანად, არც მოლდოვის არჩევნები შეაფასა თავისუფლად და სამართლიანად.

გარკვეულწილად მიჩნდება იმის განცდა, რომ ქართველი ხალხის მოგვატყუეს, თითქოს, მთავარი საფუძველი იქნებოდა ეუთო/ოდირის დასკვნა. ეუთო/ოდირმა ცალსახად თქვა, როგორც წერილობით და ზეპირადაც, არჩევნების მეორე დღეს პრესკონფერენციაზე, რომ არჩევნები საქართველოში შედგა, საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება.

ახლა ვიყურებით ევროპელებისკენ და გვაინტერესებს ისინი თავის სიტყვაზე დგანან თუ არ დგანან. რასთან გვაქვს საქმე? მოგვატყუეს, რომ ეუთო/ოდირია განმსაზღვრელი და ახლა ISFED-ზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობებზე", IRI-ზე და NDI-ზე არიან გადაკიდებულნი, თუ რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.