სამშობლოს სიყვარულს, ერთგულებას და ელემენტარულ კომპეტენციებში გარკვევას დიპლომი არ სჭირდება - მიხეილ ყაველაშვილი დიპლომის გარეშეც ბევრზე მეტად განათლებულია! აგერ, ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა! - ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა, რომ მომავალ პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს დიპლომი არ ექნება, მდინარაძემ განაცხადა, რომ ეს არც ფორმალური და არც რეალური თვალსაზრისით პრობლემას არ წარმოადგენს.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ძალიან ბევრი ქვეყნის კონსტიტუციით, პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის ცენზთან დაკავშირებულ საკითხებს შორის დიპლომი მოხსენიებული არ არის.
“ეს რაღაცას ხომ არ ნიშნავს? პარლამენტის წევრებისა და პრეზიდენტის მიმართ დიპლომს რომ არ ვითხოვთ, ამას თავისი საფუძველი აქვს და ეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციაში არ არის.
სამმართველოს უფროსის მოადგილის ცენზში შეიძლება ეწეროს მოთხოვნა მაგისტრის დიპლომზე, მაგრამ პრეზიდენტთან და პარლამენტის წევრთან დაკავშირებით არ ეწეროს - სწორედ ეს არის დემოკრატიული მიღწევა. პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. აგერ, ორ-ორო დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა!“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის ინფორმაციით, ექვსი-შვიდი კანდიდატურა იყო, ვისი წარდგენაც პრეზიდენტის პოსტზე განიხილებოდა. კითხვაზე, ვისი იდეა იყო მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის დასახელება, მდინარაძემ განაცხადა, რომ მას ეს არ ახსოვს.
“ექვსი-შვიდი კანდიდატურა იყო. აქ ბევრი კრიტერიუმია - კონკრეტულ კომპეტენციას მორგებული კანდიდატურა რამდენად შესატყვისია, რამდენად ერგება პრეზიდენტის კონკრეტულ კომპეტენციას, ეს არის მთავარი ამოსავალი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.