როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულმა ბანკმა განახორციელა რეზერვების შევსებისთვის პირველი შესყიდვა და დარწმუნებული ვარ, რეზერვების ზრდა გაგრძელდება“, - განაცხადა აკადემიკოსმა ლადო პაპავამ სებ-ის მიერ რეზერვების შევსების შეფასების თაობაზე.
მისი შეფასებით, ექსპერტებისა და რიგი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ სისტემა ჩამოიშლება და ლარი გაუფასურდება, მცდარი აღმოჩნდა, ვინაიდან როგორც კი არჩევნების შემდგომ სიტუაციამ თანდათან დაიწყო დასტაბილურება, სებ-მა განაგრძო რეზერვების შევსება.
„ზოგიერთი ექსპერტის მიზანი იყო პანიკა შეექმნათ საზოგადოებასა და ბიზნესში. ამ პანიკის ფონზე კიდევ უფრო გაუფასურებულიყო ლარი და გართულებულიყო ეკონომიკური მდგომარეობა, რაც რა თქმა უნდა, ოპოზიციას აძლევდა ხელს. ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ლარი არის სტაბილურობის გარანტი, ის არის ეროვნული ვალუტა, რაც ყველას ერთნაირად გვჭირდება ეს იქნება ხელისუფლება, ოპოზიცია თუ რიგითი ადამიანები“, - განაცხადა ლადო პაპავამ.
მისივე თქმით, სავალუტო რეზერვები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ეროვნული ბანკისთვის, რადგან გამოიყენება ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად.
„არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რეზერვების ზრდა არის თვითმიზანი, არამედ ეს არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდეს და გაცვლითი კურსი იყოს სტაბილური. ამიტომ როდესაც ეროვნულ ვალუტას უჭირს და უფასურდება, თუ ეს გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით, მაშინ სებ-ი ვალდებულია, რომ სავალუტო რეზერვების გამოყენებით გადაარჩინოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, შეუნარჩუნოს მას სტაბილურობა“, - განაცხადა ლადო პაპავამ.
მისივე განცხადებით, ეროვნული ვალუტის რეპუტაციას მოფრთხილება სჭირდება.
„ყველა ექსპერტს ვურჩევდი, რომ გაუფრთხილდნენ ქვეყნის ინტერესებს, ეროვნული ვალუტის რეპუტაციას. ბუნებრივია, მათ უნდა მოიხადონ ბოდიში მსგავს განცხადებებზე, თუმცა არა მგონია ეს გააკეთონ, რადგან, მარტო იქიდან მოყოლებული, რაც 1995 წელს ლარი მიმოქცევაში ჩაეშვა, იმ დღიდან მოყოლებული ოპოზიცია სხვადასხვა პროგნოზებს აკეთებს, რომ ლარი გაკუპონდება, ჩამოიშლება, მაგრამ შემდეგ მათი მოხდილი ბოდიში მე არ მახსოვს“, - აღნიშნა ლადო პაპავამ.
სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, სებ-მა, როგორც მოსალოდნელი იყო, დოლარის შესყიდვა დაიწყო. ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 85.7 მილიონი დოლარით შეავსო.
ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502.2 მილიონი დოლარია.
„ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს რეზერვების შევსების პროცესს სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას მისცემს“, - აღნიშნავენ სებ-ში.