ზურაბ ქადაგიძე: ან უნდა ვყოფილიყავით შპს საქართველო, ინდ. მეწარმე საქართველო, ენჯეო საქართველო ან შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი, სწორედ ეს არჩევანი გაკეთდა

ზურაბ ქადაგიძე: ან უნდა ვყოფილიყავით შპს საქართველო, ინდ. მეწარმე საქართველო, ენჯეო საქართველო ან შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი, სწორედ ეს არჩევანი გაკეთდა

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მიერ გაკეთებულ არჩევანს ეხმიანება.

„ეს იყო ეგზისტენციალური მოვლენა, როდესაც საქართველოს აშკარა არჩევანის გაკეთება უწევდა ორ მოცემულობას შორის“- განაცხადა ექსპერტმა და აღნიშნა, რომ არჩევანი ქართველი ხალხს ჰქონდა საქართველოს სუვერენიტეტსა და მორჩილებას შორის. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მზად იყვნენ ქვეყანა პოლიტიკურ და ფინანსურ დოტაციაზე დაეყენებინათ და სანაცვლოდ, მათი უცხოელი პატრონების ნებისმიერი დავალება უსიტყვოდ შეესრულებინათ, თუმცა ქართველმა ხალხმა აირჩია სუვერენიტეტი.

ზურაბ ქადაგიძის თქმით, პარლამენტი ქართველი ხალხის საკუთრებაა და სწორედ ამიტომ, სხდომას  აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ქართული ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"დღევანდელი დღე შედგა, გილოცავთ! მისალოცი ამბავია არა იმიტომ, რომ ტექნიკურად ეს საკითხი გაიმართა და უფლებამოსილება ცნეს, არამედ იმიტომ, რომ ყველა ვთანხმდებით - ეს იყო ეგზისტენციალური მოვლენა, როდესაც საქართველოს აშკარა არჩევანის გაკეთება უწევდა ორ მოცემულობას შორის. ან უნდა ვყოფილიყავით შპს საქართველო, ინდ. მეწარმე საქართველო, ენჯეო საქართველო ან შეგვენარჩუნებინა სუვერენიტეტი. ან უნდა ვყოფილიყავით სრულ პოლიტიკურ და ფინანსურ დოტაციაზე, რაზე წამსვლელებიც იყვნენ რადიკალები, რეალურად დაგვსვამდნენ სრულ დოტაციაზე და ამას წინაპირობები მოჰყვებოდა- ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მოცემულობაში, ნებისმიერი პირობა უნდა შეგესრულებინა, ან იყო მეორე ამოცანა - ის, რაც დღეს ვნახეთ. 

პარლამენტში მიწვეული იყვნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქართული ეკლესიის წარმომადგენლები. ძალიან კარგი განცხადება გააკეთა შალვა პაპუაშვილმა - რატომ არ იყვნენ ელჩები პირველ სხდომაზე. პარლამენტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის საკუთრებაა. ქართველმა ხალხმა ხელისუფლება 4 წლით ანდო კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას და ამ ძალისგან ხალხი ითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის  დაზღვევას და ა.შ. აქედან გამომდინარე, რაც ქართველი ხალხისთვის არის ავთენტური, ზუსტად ის იყო პარლამენტში წარმოდგენილი - ჩვენი სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლები  და  მოხდა პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა. ახლა დაწყება მთავრობის ფორმირება,“- აღნიშნა ზურაბ ქადაგიძემ.