უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ფიქრობს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის იოავ გალანტისთვის დაპატიმრების ორდერის გაცემა თავხედური და ცინიკურია. ინფორმაციას უნგრეთის პრემიერის პრესსპიკერი ზოლტან კოვაჩი სოციალურ ქსელ X-ში ავრცელებს.
კოვაჩის თქმით, ორბანმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება უნგრულ რადიოსთან ინტერვიუში გააკრიტიკა და მას „თავხედური და ცინიკური“ უწოდა.
„ეს არის კონფლიქტში ჩარევა კანონის საფარქვეშ და ნაკარნახევია პოლიტიკური მოტივებით. სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ შევეწინააღმდეგოთ“, - ციტირებს კოვაჩი ორბანს.
კოვაჩის თქმით, ორბანმა ნეთანიაჰუ უნგრეთში მიიწვია და ვიზიტის დროს ხელშეუხებლობაში დაარწმუნა.
ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ნეთანიაჰუსა და გალანტის დაკავების ორდერები გუშინ გასცა. მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.