ნუთუ სავსებით უცხონი? - Perfect Strangers 30 წლისაა...

ნუთუ სავსებით უცხონი? - Perfect Strangers 30 წლისაა...

როდესაც დღევანდელი გადასახედიდან 1984 წელს Deep Purple-ს გაერთიანებას ვუცქერთ, ისეთი შთაბეჭდილება გვექმნება, თითქოს ეს გუშინ იყო. თან ველოდით, თან ვერ წარმოგვედგინა, ხან ჭორის დონეზე შევიტყობდით, რომ თითქოს Rainbow დაიშალა, მაგრამ… ის, რაც 1984 წელს მოხდა, როკ მუსიკის მრავალი სტაჟიანი მსმენელისთვის „ახალი“ როკ მუსიკის ათვლის წერტილად იქცა, რასაც საფუძველი ნამდვილად გააჩნია.

მეორეს მხრივ კი, ცოტა უცნაურია, რომ Perfect Strangers, დღესაც ახალ ალბომად მიგვაჩნია, რადგან ბოლოს და ბოლოს მას ხომ წლეულს 30 წელიწადი უსრულდება...

ოფიციალურად 1984 წლის 16 სექტემბერს გამოცემული ალბომი, თვის ბოლოსთვის უკვე თბილისის არაერთმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ მოიპოვა. სანამ უშუალოდ Perfect Strangers-ის განხილვას შევუდგებოდეთ, მოდით გავიხსენოთ შესანიშნავი ხუთეულის ხელახალი შეკრებისა და მისი შექმნის წინაპირობები.

როჯერ გლოვერი 1973 წელს Deep Purple-ში რიჩი ბლექმორთან ექვწლიანი განშორების შემდეგ, 1979 წლიდან მოყოლებული, მასთან Rainbow-ში უკრავდა. ჯგუფის დაშლის მომენტში, მას ბლექმორთან ერთად ოთხი სტუდიური ალბომი ჰქონდა ჩაწერილი. ჯონ ლორდი დევიდ ქოვერდეილთან თანამშრომლობდა Whitesnake-ში, იან პეისმა ბოლო მომენტში დატოვა ეს ჯგუფი და 1983 წელს გარი მურთან უკრავდა, ხოლო იან გილანმა კი საკუთარი ჯგუფის დაშლის შემდეგ, Black Sabbath-ში ისტორიული ალბომი ჩაწერა და შესანიშნავ ფორმაში შეხვდა მის კარიერაში თურმე უაღრესად საპასუხისმგებლო 1984 წელს...

„დიპ ფარფლურ“ სულისკვეთებას სწორედ ეს უკანასკნელი ავლენდა გამორჩეულად, რადგან Black Sabbath-ის კონცერტებზე სულ უფრო და უფრო ხშირად იკვრებოდა ხოლმე Deep Purple-ს სიმღერები.

ერთ მშვენიერ დღესაც, კონცერტის შემდეგ, რიჩი ბლექმორი საუბარში ჩაეკითხა მომღერალ ჯო ლაინ ტერნერს - რას იტყვი Rainbow რომ დაიშალოსო. რა უნდა ვთქვა, ვერც ვერაფერს ვიტყვიო, უპასუხია უკვე გამოცდილ ვოკალისტს იმ იმედით, რომ რიჩი ხუმრობსო, რადგან ჯგუფს მშვენივრად ჰქონდა აწყობილი საქმე და 1983 წლის ალბომმა Bent Out Of Shape კომერციული თვალსაზრისით ორივე წინამორბედს აჯობა.

რიჩი კი თურმე სულაც არ ხუმრობდა. პასუხმაც არ დააყოვნა - ჩათვალე, რომ უკვე აღარ არსებობსო...

ჯო ლაინ ტერნერი პირველი იყო, ვინც ეს ინფორმაცია შეიტყო, მაგრამ სხვა საკითხი იყო, შეიკვრებოდა თუ არა კვლავ ლეგენდარული ჯგუფი.

Deep Purple-ს შემოთავაზებები სხვადასხვა ხმის ჩამწერი სტუდიებიდან ხელახალი გაერთიანების შესახებ, კარგა ხანია მისდიოდა, მაგრამ ეს უპირველეს ყოვლისა თვით მუსიკოსების და უფრო კონკრეტულად, რიჩი ბლექმორისა და იან გილანის სურვილზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული, რადგან გლოვერი დაშლილი Rainbow -დან ავტომატურად თანხმობას განაცხადებდა, ხოლო პეისი და ლორდი ფაქტობრივად სესიური მუსიკოსების როლს ასრულებდნენ შესაბამისად გარი მურისა და დევიდ ქოვერდეილის ჯგუფებში, ისე რომ, კომპოზიტორობა პრაქტიკულად მიშვებული ჰქონდათ უკვე.

რიჩისა და იანის დაპირისპირებას თითქოს ბოლო მოეღო, რადგან მომღერალი ერთხელ ქრისტეშობის ზეიმზე ეწვია გიტარისტს და „ძველმა მეგობრებმა“ განიხილეს Deep Purple -ს შესაძლო შეკრების საკითხი. იქვე რიჩიმ უთხრა, მომღერალი მჭირდებაო, იანმა უპასუხა - მე კი გიტარისტიო. ყოველთვის ორიგინალური ბლექმორი მართლაც ეწვია იან გილანს სცენაზე და მის ბენდში Smoke On The Water დაუკრა...

ოცნებას კი ფრთები ამ ამბიდან სამი წლის შემდეგ შეესხა, როდესაც აღმავლობის გზაზე მყოფი Rainbow დაიშალა და ხუთეული, როგორც იქნა შეიკრიბა... Perfect Strangers-ის კლიპი იუმორისტულად ასახავს გილანისა და ბლექმორის  დაპირისპირებას, რომელსაც თითქოს უკვე ბოლო უნდა მოღებოდა.

მეტიც, მოვლენებს ოდნავ წინ თუ გავუსწრებთ, 1985 წლის ტურნეში, პარიზის კონცერტზე, რიჩი ბოლომდე ემსახურება Strange Kind Of Woman-ში გიტარა-ვოკალის პასუხების დროს საკმაოდ არასასურველ ფორმაში მყოფ იან გილანს. გარდა იმისა, რომ „ბოლომდე უსწორებს“ ტონალობაში, უღიმის კიდეც და ეუბნება, მიდი, იმღერე, შენთან ვაარო...

ჯონ ლორდის თქმით, ხუთეულის მიზანი იმ უხილავ ძაფზე მოჭიდება უნდა ყოფილიყო, რომელიც მათ აერთიანებდა შორეულ 1972 წელს, მაგრამ გამოვიდა კი ასე?

დავიწყოთ იმით, რომ Perfest Strangers ვერ გადაურჩა 1980-ების მავნე ტენდენციას, რამაც მოსპო ჯგუფის ერთ-ერთი უმთავრესი სავიზიტო ბარათი, იან პეისის მსუბუქი და უაღრესად დინამიკური დაკვრის მანერა. „პერეხოდები“ დამძიმდა და ბგერამაც  ბანალური, იმ დროისათვის უბრალოდ მიღებული სახე მიიღო.

რაც შეეხება თვით მასალას, სამწუხაროდ პეისი და ლორდი კვლავ ჩრდილში აღმოჩნდნენ, კოლექტივი ბლექმორ-გლოვერ ტანდემის მოტანილ მასალას შეჯერდა, იან გილანმა ტექსტები დაურთო, თემები ვოკალზე მოირგო და „უხილავი ძაფიც“ აბსტრაქტული გამოვიდა, რაც მთლიან ნაშრომზე აისახა...

ალბომი ამ მხრივ მართლაც უცხო გამოდგა. სიმღერებში იგრძნობოდა ლტოლვა ძველი Deep Purple-ს აღდგენისა სიახლეების გათვალისწინებით, მაგრამ რეალურად ეს ორადორ სიმღერაში Knocking at Your Back door და განსაკუთრებით Nobody’s Home-ში გამომჟღავნდა.

გამხსნელი Knocking at Your Back door ჯონ ლორდის გრანდიოზული ინტროთი და რიჩის უნატიფესი ორი სოლოთი კარგის მეტს არაფერს გვათქმევინებს, უბრალოდ ამ სიმღერაშივე ვატყობთ ჟღერადობის ბოლომდე „გავსებას“. აქ ხომ სრულიად გამქრალია თავისუფალი სივრცეები, ანუ სიჩუმის მუსიკა (ალბათ სწორედ ის იდუმალი ძაფი) აკომპანემენტში, რითაც ასე ძვირფასი იყო Fireball, Machine Head და Who Do We Think We Are… აკომპანიატორის როლში პრაქტიკულად ჯონ ლორდი გვევლინება, რომლის ჰამონდიც განსაკუთრებით ალბომის მეორე გვერდის გამხსნელ Perfect Strangers-ის ინტროშია ეფექტური.

მართალია, ეს სიმღერა Deep Purple-ს ყველა დროის ჰიტად ჩამოყალიბდა და ჯგუფი მას აგერ უკვე 30 წელიწადია, რაც ყოველ კონცერტზე ასრულებს, შესაძლოა მისი Highway Star-ისა თუ Smoke On The Water-ის დონის საკონცერტო ნომრად ქცევა ცოტა გადაჭარბებულია და ეს უფრო ერთგვარი სიმბოლოა ჯგუფის ხელახალი შეკრებისა, კონცერტზე მისულ ნებისმიერ მსმენელს, სულ რომ უნდა ახსოვდეს...

A Gypsy’s Kiss აგრძელებდა Burn–ისა და მისი „ოჯახისებრთა“ Rainbow–ს პერიოდის ტრადიციებს, ხოლო შთამბეჭდავი ბალადა Wasted Sunsets კი უფრო Rainbow–ს ჰგავს, ვიდრე Deep Purple-ს, ბუნებრივია იან გილანის ვოკალით. Hungry Daze ნამდვილად ახალი სიტყვაა ალბომისა რიჩის გენიალური სოლოთი და ბოლოსკენ ჯონ ლორდის Fireball–დან No One Came–ის ყაიდის გამოძახილით. აქ იან პეისის დრამიც  გადასარევადაა ჩამჯდარი საერთო ჟღერადობაში და ბოლოსკენ ჯგუფი მართლაც წარმატებით ეჭიდება ძველისა და ახლის დამაკავშირებელ უხილავ ძაფს, აგრერიგად განსხვავებულს რომ ხდიდა Deep Purple-ს ნებისმიერი სხვა როკ ჯგუფისგან...

და მაინც, გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ, მხოლოდ კარგს თუ ვიტყვით როკის უკვე კლასიკურ ალბომად ქცეულ Perfect Strangers–ზე. შეიძლება, იგი ძველი შედევრებივით ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტდეს, მაგრამ რატომღაც ზოგჯერ მისი მოსმენის განსაკუთრებული სურვილი გვიჩნდება ხოლმე...