დიპლომატმა უნდა გაბედოს და თქვას, თუ სხვა შემთხვევაში, ელემენტარული გადაკრული სიტყვა შეშფოთების საგანია, როდესაც პირდაპირ ეთერში გაუგონარი სიტყვებით ლანძღავენ ჟურნალისტს, პირდაპირ სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, ხელს უშლიან მას ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, უნდა შეგეძლოს აღნიშნო მაინც, რომ ეს არის მიუღებელი. ეს ვერავინ შეძლო, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მხრიდან „იმედის“ ჯგუფების შეურაცხყოფისა და ბულინგის ფაქტებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მამუკა მდინარაძე ასევე გამოეხმაურა ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, შეურაცხყოფის, მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დუმილს. კერძოდ, ტელეკომპანია „იმედმა“ მიმართა საელჩოებსა და „ენჯეოებს“, თუმცა მომხდარზე ამ დრომდე არაფერს ამბობენ.
მამუკა მდინარაძის თქმით, მათი ეს ქმედება არ არის ორმაგი სტანდარტი, არამედ, ეს არის ამორალურობა.
„როდესაც პირდაპირ ეთერში ხედავ, ვინც არ უნდა იყო, დიპლომატი, „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენელი, მოქალაქე და უყურებ, განსაკუთრებით დიპლომატიურ კორპუსს, მეც ვუერთდები თქვენს მიმართვას და მეც მივმართავ, დიპლომატმა უნდა გაბედოს და თქვას, თუ სხვა შემთხვევაში, ელემენტარული გადაკრული სიტყვა შეშფოთების საგანია, როდესაც პირდაპირ ეთერში გაუგონარი სიტყვებით ლანძღავენ ჟურნალისტს, პირდაპირ სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, ხელს უშლიან მას ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში, უნდა შეგეძლოს აღნიშნო მაინც, რომ ეს არის მიუღებელი. ეს ვერავინ შეძლო.
ვნახე თუ არა ეს კადრები, პოსტი გამოვაქვეყნე. პოსტის ბოლო წინადადება იყო ჩემი, ვნახოთ რამდენი მოახდენს ამაზე რეაგირებას-მეთქი. ჯერ არცერთი რეაქცია ამ ხალხისგან არ გვინახავს. ეს არის ძალიან სამწუხარო. ძალიან სამწუხაროა, რომ ვიღაც-ვიღაცები, მათ შორის, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ვერ ბედავენ ამ ფაქტის დაგმობას. თქვენ, ჟურნალისტს აქტივისტები რომ უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ, თან ვიღაც იქიდან ცუდი და კარგი პოლიციელის როლის მოთამაშეებიდან ვითომ შედარებით „კარგი პოლიციელი“ რომ მივიდა და დაგმე ძალადობაო, დიახ, დაგმო როგორც მახსოვს. უნდა დაგმო ნებისმიერი ძალადობა, მაგრამ ეს როგორ ხდება, „ნაცი“ ჟურნალისტი თუა, იმის მიმართ გადაკრული სიტყვა ძალადობაა და თუ სხვა, ობიექტურია, თუნდაც ხელისუფლებას მხარს უჭერდეს, ის შეიძლება სცემო, აფურთხო. უკაცრავად ამ გამოთქმისთვის, დააბულინგო. ის ადამიანი აღარ არის. ხელისუფლების მხარდამჭერია ვთქვათ და არაობიექტური, როგორც მათ მიაჩნიათ, ამიტომ ჟურნალისტი უნდა აბულინგო? ის სიტყვები ეძახო რა სიტყვებიც ეძახეს? ეს არის ორკების ფაშისტური აქცია, დანაშაული ჟურნალისტის მიმართ. ყველამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს არ დარჩეს ყურადღების მიღმა. გამორჩევა „ნაცი“ თუა კარგია და გადაკრული სიტყვა არ შეიძლება. თუ „ნაცი“ არ არის, ჯაშუშებს თუ არ ემსახურება ამ შემთხვევაში ყველაფერი მოსულა. არ ხდება ასე. არ შეიძლება და ამას უზრუნველყოფს საქართველო, მისი ხელისუფლება და ქართველი ხალხი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, სხვადასხვა ტელეკომპანიის თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
რადიკალური ოპოზიციის აქციის მონაწილეთა მხრიდან ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფების მიმართ უმძიმეს სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ბულინგსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის არაერთ ფაქტზე დიპლომატიური კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაციები ამ დრომდე არაფერს ამბობენ.
ტელეკომპანია „იმედმა“ 19 ნოემბრის საღამოს უსაფრთხოების მიზნით საპროტესტო აქციიდან გადამღები ჯგუფების გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „იმედის“ ჯგუფს ასე მიმართა - გისურვებთ 7 ნოემბერს.