შსს: 18-19 ნოემბერს თსუ-ს შენობაში და ეზოში განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი. ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა

შსს: 18-19 ნოემბერს თსუ-ს შენობაში და ეზოში განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი. ეზოში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა

18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი, - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომლითაც უწყება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე აქციის მიმდინარეობის დროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური შტაბი ჰქონდა გაკეთებული და უნივერსიტეტის შენობაში იმყოფებოდნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

ხაზგასმით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ 18-19 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არც შენობაში და არც ეზოში, განთავსებული არ ყოფილა არანაირი შტაბი, არც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი.

განვმარტავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეზოს ცენტრალურ შესასვლელთან აქციის მონაწილეების მიერ ცეცხლის რამდენიმე კერა გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზო და პანთეონი არ არის დახურული სივრცე და იქ შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი პირისთვის, მათ შორის, აქციის მონაწილეებისთვისაც, რომლებიც უნივერსიტეტის ეზოთი აქციების პერიოდში თავისუფლად სარგებლობენ", - აცხადებს შსს.