კონსტიტუციასთან ასეთი თამაში მისი და მისი მრჩევლების ძლიერი მხარე რომ არ არის, უკვე კარგა ხანია, უნდა მიმხვდარიყო. მაგრამ ისინი საკუთარ აზრს არ გამოხატავენ და მიბმულები არიან თავის უცხოელ პატრონებთან, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. მან ამ თემაზე ისაუბრა პასუხად კითხვაზე, არის თუ არა შესაბამისობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილის გეგმა, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე არც პარლამენტი შეიკრიბოს და არც ახალი წესით აირჩიონ პრეზიდენტი.
„ეს კონსტიტუციონალიზმის არსთანაც კი არ მიდის ახლოს. იმდენად სასაცილო განცხადება და შეთავაზებაა, რომ განმარტებაც კი არ შემიძლია. ქალბატონი სალომე რას ამბობს - „მე ამომეწურება ვადა, მე თქვენ აღარ შეგაწუხებთ, თქვენს წინააღმდეგ არ გამოვალ“, რაღაც პოლიტიკური შეწყალებაც გამოსცა, არ შეგეხებითო, დაპატიმრებებზე და შევიწროებაზეც კი საუბრობს. უბრალოდ, სასაცილო ტექსტია. „მე დავრჩები, თქვენც დარჩით, არ შეგეხებით, იყავით, ასე ვისაუბროთ და ოდესღაც გადავწყვიტოთ, ახალი არჩევნები როგორ ჩავატაროთ“ - ასეთი მექანიზმი არ არსებობს და ეს მისი უფლებამოსილების სფერო არ არის, ამას უნდა მიხვდეს”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბიშვილი ერთხელ უკვე ცნო კონსტიტუციის დამრღვევად.
„კონსტიტუციასთან ასეთი თამაში მისი და მისი მრჩევლების ძლიერი მხარე რომ არ არის, უკვე კარგა ხანია, უნდა მიმხვდარიყო. მაგრამ ისიც და მისი მრჩევლებიც საკუთარ აზრს არ გამოხატავენ და მიბმულები არიან თავის უცხოელ პატრონებთან, რომლებიც უბიძგებენ და ავალებენ ასეთი დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას. ასე რომ, რაიმე კონსტიტუციურ მექანიზმზე საუბარიც არ შეიძლება.
არავინ ეკითხება საქართველოს პრეზიდენტს ამ პროცესებში ჩართვას. საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენცია რაც არის, გაწერილია კონსტიტუციაში და იმასაც არ ასრულებს. ის ერთხელ უკვე ცნობილია კონსტიტუციის დამრღვევად, ახლა აპირებს კონსტიტუციის კიდევ ერთხელ დარღვევას, არ ნიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას. ეს არაფერს გადაწყვეტს, რა თქმა უნდა, კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადებში პარლამენტი მაინც შეიკრიბება, მაგრამ ის ასრულებს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას.
ფაქტი ის არის, რომ დილა არ გათენდება, კონსტიტუციის დარღვევა რომ არ ჩაიდინოს. ასეთი ადამიანი თან ლანძღავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, შეაქვს აბსურდული განცხადებები, ნიშნავს წარმომადგენლებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში აბსურდულ არგუმენტებს მოიყვანენ ხოლმე და მერე უკვირს, რატომ აგებს ამ პროცესებს.
რაც მთავარია, ძალიან ცოტა დრო დარჩა, რომ ასეთმა ქალბატონმა ეს დიდი და საპატიო პოსტი, რასაც საქართველოს სახელმწიფოს მეთაურობა ჰქვია, დატოვოს და საქართველო გათავისუფლდება ასეთი მოღალატეობრივი განწყობის პრეზიდენტისგან”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.