დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ანტისახელმწიფოებრივი, ჯაშუშობით სავსე წერილი გააგზავნეს ბრიუსელში, მათ შეუძლიათ 30 ვერცხლად გაყიდონ საკუთარი ქვეყანა, კოლონიალიზმის სულისკვეთებიდან ვერ გამოდიან

დავით მათიკაშვილი ოპოზიციაზე: ანტისახელმწიფოებრივი, ჯაშუშობით სავსე წერილი გააგზავნეს ბრიუსელში, მათ შეუძლიათ 30 ვერცხლად გაყიდონ საკუთარი ქვეყანა, კოლონიალიზმის სულისკვეთებიდან ვერ გამოდიან

სამწუხაროდ, მოცემულობა, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას გააჩნია, სახელმწიფოებრიობის არანაირ აღქმას არ მოიცავს, ძალიან კარგი მაგალითია ის ანტისახელმწიფოებრივი, ჯაშუშობით და შპიონაჟით სავსე წერილი, რომელიც ამ ადამიანებმა გააგზავნეს ბრიუსელში, -  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლები ვერ გამოდიან კოლონიალიზმის სულისკვეთებიდან და მათთვის ქვეყნის სუვერენულობა წარმოუდგენელია, სწორედ ამიტომ ითხოვენ სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას. 
მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციას საზოგადოება არ ენდობა, რადგან ისინი საკუთარი ქვეყნის წინაშე დანაშაულის ჩამდენი პირები არიან. 

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ 30 ვერცხლად გაყიდონ საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი. კოლონიალიზმის სულისკვეთებიდან ვერ გამოდიან, ვერ წარმოუდგენიათ, ქვეყანამ როგორ შეიძლება დამოუკიდებლად, სუვერენულად იარსებოს. ითხოვენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას, რაღაც გაუგებარი მისიების გამოგზავნას, არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებს. 

თქვენ მოისმინეთ, ქალბატონი სოფო [ჯაფარიძე] საუბრობდა, არჩევნები გაყალბებულიაო და არგუმენტს რას ამბობდა? არგუმენტი იყო "ყველა ამას ამბობს". არ გახსენდებათ კიდევ ერთი მსგავსი არგუმენტი, როდესაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პარლამენტში იყო მსჯელობა,  პრეზიდენტის წარმომადგენელი რას ამბობდა არგუმენტად, რომ ვეკითხებოდით, რატომ არის გამჭვირვალობის კანონი ცუდი? - იმიტომ. ეს „იმიტომ“ და „ყველა ამას ამბობს“, როდესაც არანაირი არგუმენტი არ გააჩნია ოპოზიციას, როდესაც რადიკალიზმის ჭაობში არიან გადავარდნილები და ქვეყანა სურთ, რომ ცეცხლის ალში გახვიონ და ამისთვის არაფერს ერიდებიან, საზოგადოების მხრიდანაც პასუხი არის ყოველთვის ერთი და იგივე. საზოგადოება რადიკალებს არ ენდობა, ესენი არიან დამნაშავეები, ჯაშუშები, რეალური დანაშაულის ჩამდენები საკუთარი ქვეყნის წინაშე და  აუცილებლად დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა. 

ცნობისთვის, ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ  -  "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ახალმა", "ლელომ" და "გახარია - საქართველოსთვის", ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართეს წერილით, რომლითაც საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობების შეჩერება და ახლად არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადება მოითხოვეს.