საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ გამოეხმაურა.
როგორც პრესკონფერენციაზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, რომ რადიკალებისთვის გუშინდელი დებატები სრული კრახი იყო, რადგან გამოჩნდა, რომ ევროპარლამენტარების დიდი ნაწილი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს დემოკრატიულს უწოდებს.
„კიდევ ერთხელ დაინგრა მითი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი და მთლიანად ევროპა არ ცნობს საქართველოში ჩატარებულ თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს.
საზოგადოება მთელი დღის განმავლობაში ადევნებდა თვალს, რომ ნაცმედია ჩვეული, ისტერიული ტონით როგორ აანონსებდა, რომ ევროპარლამენტში ჩაინიშნა სპეციალური მოსმენა. მათივე ლობისტების მიერ მოწვეული სხდომა ჩატარდა სრულიად ცარიელ დარბაზში და დაირღვა ბალანსი საქართველოსადმი ნეგატიურად განწყობილ განცხადებებსა და აბსოლუტურად სამართლიან, ადეკვატურ მხარდამჭერ განცხადებებს შორის.
ქართველ ხალხს და ქართველ სახელმწიფოს ჰყავს ბუნებრივი მოკავშირეები, რომლებთანაც გვაქვს საერთო ღირებულებები“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა.
ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ დებატები გაიმართა. მწვავე განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში, სადაც მხოლოდ დებატებში მონაწილეები იყვნენ, ევროკომიისის წარმომადგენელმა გახსნა.