გახარია: „ნაცები“ კოლექტიურად წვავენ მანდატებს, იქით მხარეს, „ქოცები“ ამბობენ, ეს მანდატები ჩვენს ხელშია, გვინდა დაგაწვევინებთ, გვინდა არა - ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვიღებთ

გახარია: „ნაცები“ კოლექტიურად წვავენ მანდატებს, იქით მხარეს, „ქოცები“ ამბობენ, ეს მანდატები ჩვენს ხელშია, გვინდა დაგაწვევინებთ, გვინდა არა - ჩვენ ამ სპექტაკლში მონაწილეობას არ ვიღებთ

მინდა დღევანდელ ხელისუფლებას - „ქართულ ოცნებას" ვთხოვო: სიები გაასაჯაროვეთ, რათა ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდეთ და ვთქვათ, რომ „შეგვეშალა, ეს არჩევნები იყო კარგი" ან ვთქვათ, რომ „არა, არ შეგვშლია და ეს არჩევნები იყო ცუდი", - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას განმარტებით, თუ „ქართული ოცნება" გასაჯაროებს სიებს, ამ შემთხვევაში ყველაფერი ის, რაც ახლა ხდება, დასრულდება და „ამ კოშმარს ექნება კარგი დასასრული".

„საქართველოში ჩატარებული არჩევნები არავინ ცნო, როგორც დემოკრატიული, თავისუფალი. არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ჩამოკიდებულია ჰაერში. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და უცხოელი პარტნიორები ამბობენ, რომ აუცილებელია შესაბამისი გამოძიების ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომ ამ არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი გადაწყდეს. ფაქტია, რომ ამ არჩევნებს ქვეყნის შიგნით საქართველოს მოსახლეობის ლეგიტიმაცია არ აქვს.

ჩვენ ამ პრობლემის მოსაგვარებლად თავიდან „ქართულ ოცნებას" მივმართეთ თხოვნით, რომ გაესაჯაროებინა იმ ამომრჩევლების სიები, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში იმის მითითებით, რომელ უბანზე მიიღეს მათ არჩევნებში მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ცესკომ ამაზე არანაირი რეაგირება არ მოახდინა. ამის შემდეგ მივმართეთ სასამართლოს იმისთვის, რომ სასამართლოს დაეცვა ის აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახებოდა. სასამართლოზე გამოცხადდა ცესკოს წარმომადგენელი, რომლებმაც თქვეს, რომ პროკურატურამ თურმე სისხლის სამართლის საქმე გახსნა და გამოძიება დაიწყო, ამ გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ დააყადაღა ეს აღჭურვილობა. ფაქტობრივად, ჩვენ ახლა გვაქვს გარემოება, როდესაც მთავარი მტკიცებულება, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ საქართველოს მოქალაქეებისთვის, „ქართული ოცნებისთვის", რომელმაც შეიძლება დაამტკიცოს ის, რასაც ირწმუნება - ეს არჩევნები იყო სამართლიანი და არაფერი არ გაყალბებულა. ამისთვის საჭიროა ამ აღჭურვილობაზე არსებული სიების ინფორმაციის გასაჯაროება, ან ადამიანებისთვის წვდომის მიცემა, რათა თითოეული ჩვენგანი დარწმუნდეს - სად და როდის მივეცით ხმა.

იმის მაგივრად, რომ „ქართულ ოცნებას" ეს გაკეთებინა, „ქართულმა ოცნებამ" პროკურატურის საშუალებით ეს აღჭურვილობა ტყვეობაში აიყვანა, დააყადაღა. ფაქტობრივად, დღეს ცესკო ღიად ამბობს, რომ რაღაც „ფეიქ" სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში ცესკოსაც აღარ აქვს წვდომა, ამ აღჭურვილობაზე და სრული პასუხისმგებლობა, აი, ასე პროკურატურაზე მშვენივრად გადავიდა", - განაცხადა გახარიამ.

გარდა ამისა, გახარიამ ისაუბრა პარლამენტის ლეგიტიმაციის საკითხზეც და აღნიშნა, რომ „ოცნებამ არავის არ უნდა დაუტოვოს არგუმენტი", ვისაც ეჭვი ეპარება არჩევნების დემოკრატიული გზით ჩატარებაში და ამით ყველაფერი „მარტივად დამთავრდება".

როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისი პარტიისგან ახლად არჩეულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება.

„ხომ ხედავთ, „ნაცები" კოლექტიურად წვავენ მანდატებს, იქით მხარეს, „ქოცები" ამბობენ, რომ ეს მანდატები ჩვენს ხელშია, გვინდა დაგაწვევინებთ, გვინდა არა. ჩვენ ამ სპექტაკლში არც ერთი მხრიდან და არც მეორე მხრიდან მონაწილეობას არ ვიღებთ მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ პასუხისმგებლობა გვაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხმა მოგვცა. ამიტომ, შინაარსობრივად ვამბობთ, რომ ამ პარლამენტს, რომელიც აირჩა 26 ოქტომბერს ისე, როგორც აირჩა, ჩვენი ლეგიტიმაცია არ ექნება. ზუსტად ამას ამბობს საერთაშორისო საზოგადოებაც, რომელიც ამბობს, რომ უნდა ჩატარდეს ასეთი და ასეთი გამოძიება. ჩვენ ვამბობთ, რომ მეგობრებო, ეს ყველაფერი გვესმის, გამოძიება ძალიან კარგია, ვემხრობით, მაგრამ მას დრო სჭირდება. თუ „ოცნება" დაინტერესებულია და ფეხებზე არ ჰკიდია საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც არ მისცეს მათ ხმა, თუ პატივს სცემს სხვა ადამიანებს და შესაძლებლობა აქვს ეს დაპირისპირება როგორმე მოაგვაროს და გადალახოს, მაშინ ნება უნდა იბოძოს, არ უნდა ეშინოდეს და გაასაჯაროოს სიები. არავის, არც მოქალაქეს, ვისაც ეჭვი ეპარება, არც ოპოზიციას არგუმენტი არ უნდა დაუტოვოს და ამით ყველაფერი სწრაფად დამთავრდება",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

Gami შესულია ეს ტიპაჟი პარლამენტში. ეხლა ნაღდათ "დაასრულებს" ნაცებს და მერე თვითონაც მინავლდება, ფაფუ!
8 საათის უკან