ქართული ოპოზიციის მხრიდან აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებებს ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. როგორც ექსპერტი წერს, ეს ძალიან ჰგავს წყალწაღებულების მხრიდან ხავსის მოჭიდების მცდელობას. თუმცა, როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციას ტრამპის ადმინისტრაციაში დასარდენი ძალის მოძიება გაუჭირდება და მათი მცდელობა ამაო იქნება.
„რესპუბლიკურ ხავსს" ეჭიდებიან დღეს სექტანტები, მაგრამ „რატომღაც" მაინც იძირებიან. მაშველ რგოლად მიიღეს ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოზიციაზე მაიკლ უოლცის დანიშვნა, რომელიც 2020 წელს მხარს უჭერდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. პოლიტიკური პრინციპების „ურყევი დამცველების" ქართულ ბანაკში - სანიკიძის, გახარიას, ბესელიას და ა.შ. რიგებში, ეს ლოგიკა გასაგებია. „გამორიცხულია" პოლიტიკაში ოთხი წლის წინანდელი პოზიციის შეცვლა და მასზე უარის თქმა - ეს ხომ პოლიტიკურ ბუნებას „ეწინააღმდეგება".
აშშ-ს მომავალ სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან ვერც იმ ერთადერთი შეხვედრით ტრაბახობენ, 2013 წლის მაისში ვაშინგტონში მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მასთან აუდიენცია რომ ითხოვა. მარკო რუბიომ მაშინ სექტანტების ბელადს ახალ ხელისუფლებასთან შეგუება და მასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა ურჩია. მათი მხრიდან გასახსენებელი და სატრაბახო აქ მართლაც რომ არაფერია. მარკო რუბიოს კეთილ რჩევას, სექტამ შემდგომ 11 წელიწადში საკუთარი ქცევით მას ფაქტობრივად: "f*ck off"-ით უპასუხა.
ვერც ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელის, რესპუბლიკელი ჯო უილსონის მიერ ჩვენი ხელისუფლების მიმართ „კბენას" გამოიყენებენ, იმდენად უკბილო და უშედეგო იყო. ვერც ყოფილი სენატორი ადამ კიზინგერი და ვერც მოქმედი - ლინდსი გრემი გამოადგებათ. ისინი სხვა ცნობილ რესპუბლიკელებთან პენსთან და პომპეოსთან ერთად იმ ე.წ. ნეოკონთა ფრთას წარმოადგენენ აწ გარდაცვლილი რესპუბლიკელი მაკკეინი რომ ბრწყინავდა. დღეს ტრამპის ორბიტაზე ისინი ნამდვილად არ იმყოფებიან.
სამაგიეროდ უხვად გვაქვს ღია შეურაცხმყოფელი გამონათქვამები ტრამპის მიმართ სააკაშვილის, გვარამიას თუ ნათელაშვილის მხრიდან. 2020 წლის არქივები გადავსებულია ამ ვიდეოდოკუმენტებით. რა თქმა უნდა, ზურაბიშვილის მაგინებელთა მხრიდან „ტრამპსფორმაციაც" არაა გამორიცხული, თუმცა ვეჭვობ რომ ბატონ დონალდის თავმოყვარეობა ქალბატონი სალომეს „პრინციპების" იდენტური იყოს. ასე რომ, ტყუილად ნუ „იჭინთებით" - „გუტალაქსი" მიიღეთ, მოგეშვებათ," - წერს დავით ქართველიშვილი.