ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე პროევროპულია. დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მოქალაქეთა მისწრაფებებს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ჯორჯო გორიმ საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას ევროპარლამენტში განაცხადა.
„კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ათასობით ქართველი გავიდა ქუჩებში ევროკავშირის დროშებით ხელში, რათა გააპროტესტოს არჩევნების შედეგები, ადასტურებს იმას, თუ რამდენად დაკავშირებულია საქართველო და მისი ხალხი ევროინტეგრაციასთან. სამწუხაროდ, 26 ოქტომბერს ამომრჩევლებს არ მიეცათ საკუთარი ხმის თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და დაფიქსირდა ბევრი დარღვევა არჩევნების დღეს. და მეტიც, იყო ძალადობრივი დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც აწარმოა რუსეთმა. ამასთან, კანონები, რომლებიც ცალსახად არის შთაგონებული რუსეთისგან, როგორებიცაა „კანონი უცხოური გავლენის შესახებ“ ან „ოჯახის ღირებულებების დაცვის შესახებ“, ასევე საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები არ აკმაყოფილებენ იმ სტანდარტებსა და ღირებულებებს, რომლებიც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის და ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან, იმ გზისგან, რომელიც საქართველომ შარშან დაიწყო. ამ ჩარევასთან ბრძოლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილური და დემოკრატიული მომავლის უზრუნველსაყოფად.
ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველო ყველაზე პროევროპულია, თუ გადავხედავთ საქართველოს მოქალაქეთა მისწრაფებებს. ახალგაზრდები ევროკავშირს არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების პერსპექტივად, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის საშუალებად განიხილავენ. ამიტომ ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რათა მხარი დავუჭიროთ და გავაძლიეროთ საქართველოს მოქალაქეთა ეს მისწრაფებები, რათა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ ცხოვრება კორუფციისგან თავისუფალ ქვეყანაში, სადაც დაცული იქნება ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატია“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა ჯორჯო გორიმ.