ვიზალიბერალიზაცია არც როთს მოურთმევია საქართველოსთვის და არც იმ 8 ქვეყნის პარლამენტის წევრებს. ეს არის ის მონაპოვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა მიიღო და ეს მონაპოვარი ძალიან დიდი შრომით, ევროპასთან ინტეგრაციის და ადეკვატურობის საკითხის ძალიან საფუძვლიანად დადგენით და ამ პროცესში ჩართვით მიიღო საქართველომ, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა.
მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, პოლიტიკური განწყობებიდან გამომდინარე არსებობს თუ არა შესაძლებლობა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დღის წესრიგში დადგეს, რადგან მსგავსმა მოთხოვნებმა რადიკალების მხრიდან უკვე გაიჟღერა.
დავით მათიკაშვილის თქმით, თავად ევროკავშირის წესების მიხედვით, ასე არ ხდება ვიზალიბერალიზაციის გადახედვა. მისი ვარაუდით, მსგავსი საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში არ დადგება.
„ჯერ ერთი, თვითონ ევროკავშირის წესების მიხედვით, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ასე არ ხდება და საერთო თანხმობაა ამისთვის საჭირო, ეს ერთი ქვეყნის და ორი ქვეყნის თუნდაც უმრავლესობით საკითხის გადაწყვეტის მოცემულობას არ ითვალისწინებს. ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ის, რომ მავნებლებს, საქართველოს მტრებს, საქართველოს ფარგლებს შიგნიდან აქვთ საშუალება დააყენონ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, ეს ფაქტია, მაგრამ რამდენად გადაწყდება შეჩერების საკითხი ეს კიდევ მეორე თემაა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მტრული გადაწყვეტილება იქნება. მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რა თქმა უნდა ამ მოცემულობაში, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, სხვა მნიშვნელოვანი დღევანდელი ვითარების თვალსაზრისით, ეს თემა დღის წესრიგში ევროკავშირში წესით არ უნდა დადგეს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.