„ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე, ბარიერგადალახული ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევა.
ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტში უფრო სწრაფად შესვლა ოპოზიციას უხერხულობას შეუქმნის, საგაზაფხულო სესიის გახსნისას კი, ვნებათაღელვა შედარებით დამცხრალი იქნება და პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, ბევრი პარლამენტში შესვლას მოითხოვს.
„ოპოზიციამ თავი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიგდო, როცა ხელაღებით თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის ვერც ერთი კონკრეტული მტკიცებულება და არგუმენტი ვერ მოიტანა. ახლა ძალიან რთულია უკანა სვლის ნაბიჯების მოფიქრება. ამიტომ დროებით უნდა მოთელონ და დაღალონ ვითარება. ბოლოს, ადრე თუ გვიან - ალბათ, უფრო საგაზაფხულო სესიისკენ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შემოვა.
ახლა ოპოზიციის ქმედებები პოლიტიკური ხულიგნობის მასშტაბს ვერ სცდება - რამდენიმე ადამიანი გზას კეტავს, ხალხში უკმაყოფილებას იწვევს, მაგრამ ეს უკმაყოფილება ისევ ამ პოლიტიკური ძალების წინააღმდეგ მიიმართება.
ბევრი შიგნიდან იტყვის, რომ პარლამენტს გარეთ დარჩენა უაზრობაა, ამიტომ მათი რაღაცა ნაწილი პარლამენტში შემოვა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.